“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველო, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ კავკასიის შესახებ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის – “3+3“ შეხვედრაში.
წყაროს ცნობით, წინა მოსამზადებელი სამუშაობი უკვე მიმდინარეობს.
ამასთან, წყარო ამბობს, რომ ამ პლატფორმაზე ერთ-ერთ საკითხად საქართველო აფხაზეთის თემას დააყენებს.
შეგახსენებთ: თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში განაცხადა.
ფორმატი „3+3“ გულისხმობს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.
ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ საქართველო ამ პლატფორმაში მონაწილეობას არ აპირებდა, თუმცა დღეს, როგორც ირკვევა მოლაპარაკებების ფორმატში საქართველოს ჩართვას აზერბაიჯანი ცდილობს, მანმდე კი – თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ შეეცადა.