ექსკლუზივი-როგორ მართავდა „კანონიერი ქურდების“ დახმარებით ციხეებს სუბარი-სუბელიანის „დუეტი“

სისიხლის სამართლის საქმე N… და ამ ერთ საქმეში თავმოყრილი „შაიკა“ : ოთარ ფარცხალაძე, სოზარ სუბარი, მირზა სუბელიანი, დავით ცუხიშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდები და რამდენიმე არასრულწლოვანი პატიმარი.
ეს ამბავი 2013 წელს, ნოემბერში მოხდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის და ერთი თვის თავზე. ამ დროს მთავარი პროკურორი იყო ოთარ ფარცხალაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი, სამინისტროს გენინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი, ხოლო დავით ცუხიშვილი (რომლის გვარი გუშინ გავრცელებული, ციხეში ჩაწერილი ფარული კადრების შემდეგ გახდა „პოპულარული“) დღეის მონაცემებით შიდა აუდიტის დეპარტამენტის სამსახურებრივი დისციპლინის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი (ასეა ოფიციალურ საიტზე მითითებული).

საქმის დასაწყისი: გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების სამინაისტროს ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა, არასრულწლოვანი პატიმრები შეახვედრა ე.წ. კანონიერ ქურდებს, ამბავი „გასკდა“ და ეს პირი დაკავებულ იქნა. სამინისტრომ, ისე, როგორც ეს იცოდა, მაგალითად, სოსო თოფურიძემ, „სიტყვა დააგდო“ და „ხელები დაიბანა“ – კომენტარებს აღარ აკეთებდნენ. სუბარის იმჟამინდელმა „პიარმა“ ირაკლი კორძაიამ, მოგვიანებით ამ საქმეზე გაჩენილი კითხვების პასუხად, განაცხადა „სისულელეებზე კომენტარს არ ვაკეთებო“.
ხაზგასმით ვამბობთ, ეს ამბავი მოხდა 2013 წელს და დღემდე, გარდა იმისა, რომ დაკავებულ იქნა თანამდებობის პირი, სხვა ინფორმაცია არ გავრცელებულა. თითქოს არც არაფერი მომხდარა. ამასობაში, იმდენად რადიკალურად შეიცვალა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში ვითარება, რომ, წესით, ახლა ფაცხალაძე, სუბელიანი, სუბარი და ცუხიშვილიც ციხეში უნდა ისხდნენ.
საქმე ისაა, რომ სასამართლომ უკვე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით 2013 წელს დაკავებული ზ.ვ-ძე 2018 წელს უდანაშაულოდ სცნო, ეს მოხდა თებერვალში, განაჩენი უკვე ფარცხალაძემ კი არა ირაკლი შთაძემ გაასაჩივრა. შოთაძის საჩივარიც არ იქნა დაკმაყოფილებული, საბოლოო ჯამში ზ.ვ-ძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, დაკავებიდან რამდენიმე თვეში ვ-ძე გათავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან თავდებით. მას გამოძიებისათვის ჩვენება არ მიუცია და თავს უდანაშაულოდ სცნობდა. დღეს ყოფილი ჩინოსანი, რომელიც კანონის თანახმად სამსახურში უნდა აღედგინათ და არ აღადგინეს, სასამართლოში ჩივის. გამოდის, რომ სუბარის და სხვათა პირადი ინტერესების გამო ბიუჯეტი „აგებს“ პასუხს – სახელმწიფო ვალდებულია კომპესაცია გადაუხადოს ზ.ვ-ძეს.
სკანდალური დეტალები: კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, საქმე, რომლის შესახებაც მოგითხრობთ, სოზარ სუბარის სასჯელაღსრულების მინისტრად ყოფნის პერიოდს ასახავს. ეს არის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე მომზადებული სტატია, თითქმის ყველა დეტალით და სკანდალური დასკვნით – სასამართლომ განაჩენით სოზარ სუბარს და მის „პადელნიკს“ მირზა სუბელიანს (რომელიც ამ დროს სასჯელაღსრულების სამინისტროში გეინსპექციას ხელმძღვანელობდა) „თავზე გადაახია“ ბრალდება, რომელსაც მხარს პროკურატურა უჭერდა. მეტიც, სასამართლომ ხაზგასმით თქვა, რომ პროკურატურამ და სასჯელაღსრულების სამინისტრომ, პროცესზე წარმოადგინა (შესაბამისად საქმეში გამოიყენა) მაღალჩინოსანი მოწმეები, რომლებმაც ცრუ ჩვენება მისცეს ჯერ გამოძიებას, შემდეგ სასამართლოს.
სასამართლოს ამ განაჩენით, წესით, პროკურატურას უნდა ეხელმძღვანელა და ახალი საქმის გამოძიება უნდა დაეწყო, ბოლოს და ბოლოს, ამ საქმეში ყველა პირი, ვინც ჩვენებას აძლევს სასჯელაღსრულების სისტემის მაღალჩინოსანია.
როდესაც ზ.ვ-ძე დააკავეს, იმჟამად გავრცელდა ასეთი შინაარსის წერილი: “ზ. უაღრესად პატიოსანი ადამიანია, უბრალოდ სხვისი ბრძანება შეასრულა. კონკრეტულად სოზარ სუბარის და მისი ბიძაშვილი მირზა სუბელიანის, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროში გენინსპექციას ხელმძღვანელობს. სწორედ სოზარის ბრძანებით 10 აგვისტოს და 14 ოქტომბერს ერთმანეთთან დაპირისპირებული სამი არასრულწლოვანი პატიმარი შესარიგებლად კანონიერ ქურდ “ტარასასთან”-ტარიელ ფოცხვერიასთან “რესბალნიცაზე” გაიყვანეს და ამით ციხეში კონფლიქტი განიმუხტა. სამაგიეროდ ქურდებმა ქსნის ციხეში, პრეზიდენტ მარგველაშვილის ინაუგურაციის დღეს ერთ-ერთი პატიმრის „სკაიპით“ ქურდად მონათვლა მოითხოვეს, რაც წარმატებით განხორციელდა. მათ ჰქონდათ ლეპტოპი, ინტერნეტთან წვდომა და დაახლოებით ერთსაათიანი ვიდეოკონფერენცია უცხოეთში მცხოვრებ ქურდებთან. ამჟამად მდგომარეობა ასეთია:იმის გამო, რომ ინფორმაციამ გაჟონა, სოზარი შიშობს, რომ ღარიბაშვილი ამას არ აპატიებს. დამნაშავედ გამოჰყავთ ზ. ვ-ძე, რომელსაც სოზარის ბიძიაშვილი, მირზა სუბელიანი, აპატიმრებს.”
განაჩენის მიხედვით: ზ.ვ-ძე 2013 წლის 1 ივლისიდან მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
ბრალდება: 2013 წლის ივლისის, აგვისტოსა და ოქტომბრის თვეებში, სასჯელაღსრულების N11 დაწესებულებაში სათანადო რეჟიმის დარღვევით წარმოქმნილი სიტუაციის დარეგულირებისა და მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, დაწესებულების მართვის გაადვილების მიზნით, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად ზ.ვ-ძემ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რა დროსაც ორგანიზება გაუკეთა სასჯელაღსრულების N18-ე და N11-ე დაწესებულებებში მოთავსებულ ე.წ. ქურდული ტრადიციების მქონე სრულწლოვან და არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მათივე მოთხოვნით N18-ე სამკურნალო დაწესებულებაში შეხვედრას.
2013 წლის ივლისის ეპიზოდი: N18-ე დაწესებულების დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანის ჩვენების მიხედვით, მას, 19 ივლისს კაბინეტში მყოფს, შიდა ტელეფონით დაუკავშირდა ზ.ვ-ძე და დაავალა ორი არასრულწლოვანი მსჯავრდებული შეეხვედრებინა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ტარიელ ფოცხვერიასთან და სპარტაკ ჯაფარიძესთან. ამ საქმეში ჩართული იყო არასრულწლოვანთა დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძეც. ქინქლაძის ჩვენება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მაჭავარიანის ჩვენებას, მან განაცხადა რომ ზ. ვ-ძე შიდა ტელეფონით დაუკავშირდა და ორი არასრულწლოვანის „დიდებთან“ შესახვედრად „რესბალნიცაზე“ გადაყვანა მოსთვა. მაგრამ ორივე დირექტორს დაავიწყდა რომ შიდა ტელეფონები მხოლოდ დაწესებულებების დირექტორებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელების კაბინეტებშია დამონტაჟებული. თუ ზ. ვ-ძე რომელიმე დირექტორს შიდა ტელეფონით დაუკავშირდებოდა, ის აუცილებლად უნდა შესულიყო ამავე დაწესებულების ჯერ ტერიტორიაზე, შემდეგ რომელიმე კაბინეტში და ისე ესარგებლა შიდა ტელეფონით. მოკლედ, ვ-ძეს დირექტორებისათვის თვალებში ჩახედვა შერცხვა და ამიტომ „დარეკა“ შიდა ტელეფონით კაბინეტიდან კაბინეტშიო, – პროკურატურამ დაასკვნა.
მთავარი: 2013 წლის 17 ივლისს ვ-ძე დაბა გუდაურში იყო, სამდღიან სემინარს ესწრებოდა. ანუ, ის, ვერანაირად ვერ იქნებოდა გუდაურშიც და ორ დაწესებულებაში ერთად. პროკურატურას ვ-ძის ადვოკატმა წარუდგინა როგორც „მაგთიკომის“ ამონაწერები, ასევე სემინარის ორგანიზატორის წერილები და ყველა მტკიცებულება იმისა, რომ ვ-ძე 17-20 ივლისს გუდაურში იყო და მიუხედავად ამისა, ფარცხალაძეს, ნაცვლად იმისა გამოძიებისათვის ცრუ ჩვენების მიცემის გამო, დაეპატიმრებინა ორი დაწესებულების დირექტორი, ხელიც კი არ გაატოკა. ცრუ ჩვენების მიცემის გამო, ჩვენების მიცემიდან რამდენიმე დღეში, სოზარ სუბარმა ორივე დაწესებულების დირექტორს კოლოსალური რაოდენობის პრემია გამოუწერა – ქინქლაძეს 18.739, მაჭავარიანს 13.352 ლარი.
2013 წლის აგვისტოს ეპიზოდი: ნიკოლოზ მაჭავარიანმა თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ 30 აგვისტოს შიდა ტელეფონზე დაუკავშირდა ზ.ვ-ძე და ისევ მისცა დავალება არასრულწლოვნები მიეყვანა ტარიელ ფოცხვერიასთან და სპარტაკ ჯაფარიძესთან, ხოლო მისმა მოადგილემ პინტურიამ განაცხადა რომ მან გადაიყვანა არასრულწლოვნები. მოწმე კვარაცხელია კი აცხადებს, რომ მაჭავარიანს და პინტურიას კარგად იცნობს, მაგრამ არასრულწლოვნები დაწესებულებაში მისთვის უცნობმა პირებმა მიიყვანეს. მოწმე ჯიმშელეიშვილმა განაცხადა, რომ დავით კვარაცხელია 30 აგვისტოს დაწესებულებაში საერთიოდ არ იმყოფებოდა. ასევე სამსახურში არ იყო მაჭავარიანიც, ის გულის შეტევის გამო ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ კი 10 აგვისტოდან გურიასა და ქობულეთში იყო.
მთავარი: საქმეში დევს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ხელმოწერილი ბრძანება, რომლითაც ის ითხოვს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების N8 დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას „დაწესებულებაში წარმოქმნილი რთული და დაძაბული ვითარების განმუხტვის მიზნით“. მოკლედ, ვ-ძე დაურეკავდა თუ არა ვინმეს, არასრულწლოვნებს მაინც გადაიყვანდნენ სხვა დაწესებულებაში. ქელბაქიანის განმარტებით: „თავმჯდომარის მიერ გაცემული ბრძანება სავალდებულო იყო შესასრულებლად, იმისდა მიუხედავად, ზ.ვ-ძე იარსებებდა თუ არა საერთოდ“.
2013 წლის ოქტომბრის ეპიზოდი: საქმეში დევს ბრძანებულება, რომელსაც ხელს აწერს ანტონ ქელბაქიანი და რომლის თანახმადაც, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გადაყვანილ უნდა იქნან „რესბალნიცაზე“ რენდგენის გადასაღებად. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესია, უნდა არსებობდეს ექიმის სესაბამისი დასკვნა, რომ აუცილებელია რენდგენი, მსგავსი არ არსებობს. ესე იგი ქელბაქიანი დაწესებულების დირექტორიც და ექიმიც იყო პრაქტიკულად და კონკრეტულად ამ შემთხვევაში. ქელბაქიანის ჩვენების მიხედვით, მას შიდა ტელეფონით სამჯერ დაურეკა ზ. ვ-ძემ და პირველად უთხრა არასრულწლოვნებმა უცხო საგნები გადაყლაპესო, მეორედ გადასაყვანები არიანო და მესამედ კანონიერ ქურდებს შეახვედრეთო.
რეალობა: 14-19 ოქტომბერს ზ. ვ-ძე იმყოფებოდა გერმანიაში მივლინებით და მის მოვალეობას ჯიმშელეიშვილი ასრულებდა. ყველაზე მთავარი, გერმანიაში სუბარიც იყო ვ-ძესთან ერთად.
საქმის მასალები: მოწმე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მას დაურეკა ჯიმშელეიშვილი და უთხრა არასრულწლოვნები გადაეყანა, რაც შეასრულა: „მსჯავრდებულთა სეხვედრა მიმდინარეობდა ჰერმეტულად დახურულ კარს მიღმა, ექოსკოპიის კაბინეტში და საუბრის შინაარსი არ მესმოდა“. თუმცა იგივე სეხვედრის შესახებ მაჭავარიანი წერს: ქურდები ჭკუას არიგებდნენ არასრულწლოვნებს. არადა, დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ამ პერიოდში მაჭავარიანი საერთოდ არ დადიოდა სამსახურში, ის იწვა მარდალეიშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ჩიყვის ოპერაცია გაუკეთეს. იმ დღეს, როცა არასრულწლოვნები გადაიყვანეს, არც ტარიელ ფოცხვერია იმყოფებოდა დაწესებულებაში, ისიც მარდალეიშვილის კლინიკაში იყო გადაყვანილი.
ეს არის მოცემულობა. კიდევ ერთი მთავარი დეტალი, ამონარიდი დაცვის სიტყვიდან: „გენერალური ინსპექციის (უფროსი მირზა სუბელიანი – რედ.) ინსპექტორი დავით ცუხიშვილი (გუშინ გავრცელებულ ფარული ჩანაწერის ერთ-ერთი „გმირი“) ადასტურებს რომ სანდო პირისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც დაიწყო აღნიშნული საქმის მოკვლევა. საქმეში ასევე დევს მისი არარეგისტრირებული (უნომრო) მოხსენებითი ბარათი, რომლითაც მიმართავს გენერალური ინსპექციის უფროსს აღნიშნულთან დაკავშირებით“. მოკლედ, ცუხიშვილს ვიღაცამ უთხრა რაღაცა, ამანაც მიაჯღაპნა რამდენიმე წინადადება ფურცელზე და ეს ფურცელი აუფრიალა მირზა სუბელიანს. თურე „საიდუმლო ინფორმაციას“ ცუხიშვილს „სანდო პირი“ „ჩუქნის“, თურმე მსგავსი ინფორმაციების აღრიცხვა საჭირო არ ყოფილა (როგორც ამას კანონი ითხოვს), ცუხიშვილი სუბელიანი-სუბარის კანტორისთვის. წესით უნომრო კი არ უნდა ყოფილიყო მოხსენებითი ბარათი, უნიკალური ნომრით უნდა გაეტარებინათ რეგისტრაციაში, როგორც ამას კანონი ითხოვს, მაგრამ სუბელიანი-ცუხიშვილისთვის ეს პროცედურა არ ყოფილა საჭირო, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს. სასამართლო სხდომაზე მოწმედ გამოძახებულმა ცუხიშვილმა ვერ დაასახელა ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს „სანდო წყარო“ არ იყო კონფიდენტური აპარატის წარმომადგენელი. ცუხიშვილმა სამსახურებრივი სემოწმება დაიწყო უნომრო მოხსენებითი ბარათით და დაასრულა სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის გარეშე – ის, უბრალოდ არ დაუწერია.
ეს იყო მასალები სისხლის სამართლის საქმიდან. ახლა მოგახსენებთ არაოფიციალურ ამბებს: სოზარ სუბარმა გამინისტრებისთანავე, ციხეების მართვის აქცენტი გადაიტანა ე.წ. კანონიერ ქურდებზე – ციხე ვისიცაა, მან მართოს. ამ საკითხებს და სხვათაშროსი ტენდერების თემასაც დეპუტატი ვიტია ჯაფარიძე კურირებდა. სუბარმა „მძიმე არტილერიად“ „თემაში ჩართო“ მირზა სუბელიანი – ნაცების ხელისუფლების პროკურორი, უამრავი საქმის „გამაიმასქნებელი“. გუშინ, ფარულ ჩანაწერებში სუბელიანმა ყველა „ქოცური დალაგება“ გაიხსენა, გარდა „ნაცურისა“, მათ შორის 26 მაისის ამბები. მირზა სუბელიანი იყო „კოჰაბიტაციის ნიმუში“ კოჰაბიტაციის გამოცხადებამდე, ის ბოლომდე ნაცების მედროშე იყო, 2012 წლის შემდეგ კი სუბარის მარჯვენა ხელი გახდა სამინისტროში, თუმცა დიდი ალბათობით ალბათ ნაცების დროსაც სუბართან „ტრიალებდა“ – ორ ფრონტზე იყო.
მოკლედ, სუბარს მოჰყავს სუბელიანი. სუბელიანი „ალაგებს“ და იმისათვის, რომ თავისი დანაშაულობები დამალოს, იჭერს ზ.ვ-ძეს. ვ-ძე გამოძიებას არ აძლევს ჩვენებას, მას საკანში აკითხავენ და „ურჩევენ საქმეს“. ვ-ძე მაინც დუმს. შემდეგ მიდის გარიგება: შენ მიეცი ჩვენება და ჩვენ გაგათავისუფლებთ. ვ-ძე მაინც დუმს. ამასობაში სუბარ-სუბელიანის „ჩალის სახურავს“ ცეცხლი ეკიდება, სუბარი გადარჩენას ცდილობს, ის გადაჰყავთ დევნილების სამინისტროში, სუბელიანი პროკურატურას აფარებს თავს, ვ-ძისათვის არავის სცალია და მას სასამართლო თავდებით უშვებს, როგორც მოგვიანებით ირკვევა, პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მასალებში არასათანადო მტკიცებულებების გამო. სასამართლო პროცესები ძალიან გაჭიანურდა. კარგა ხანს ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას ვ-ძე, ბოლოს სასამართლომ ის გაათავისუფლა – უდანაშაულოდ სცნო და დაადგინა, რომ სუბარის მაღალჩინოსანი თანამშრომლები გამოძიებას ატყუებდნენ. პროკურატურამ საქმე „დაკრიშა“ და ასე გადაურჩა ყველა ცრუ-მოწმე ციხის კედლების ხეხვას და „პარაშასთან“ ძილს. სამაგიეროდ დრეს ისინი ისევ სისტემაში მუსაობენ და ზოგი დაწინაურდა კიდეც. სასამართლო დასრულდა და ვ-ძემ სამინისტროს მიმართა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, ეს ის დროა, როცა სასჯელაღსრულების სამინისტოს აუქმებენ. მოკლედ, კახიშვილმა ვერ მოასწრო ვ-ძის სამსახურში აღდგენა, წულუკიანმა კი უარი სტკიცა. დღეს ვ-ძის საქმეს სამოქალაქო კოლეგია იხილავს, რაც იმას ნიშნავს რომ ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს სუბარი-სუბელიანი-ფარცხალაძის ნაცვლად.

 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,, გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით მირზა სუბელიანმა არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა”
შემდეგი სტატია,, გვარამიამ, იგივე პროკურორის მოადგილემ ყოფილმა, საზოგადოებას დააყარა სერიალები თავის კომენტარებით”