ექსკლუზივი: როგორ აღმოჩნდა დმანისში მდებარე წითელი ეკლესია მარდანოვების კერძო საკუთრებაში

ცოტა ხნის წინ „თაიმერმა“ ხელოვნებათმცოდნე გურამ ხარშილაძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დმანისის რაიონის სოფელ ყიზილქილისას წითელი ეკლესია საქონლის სადგომად იყო ქცეული. ხარშილაძემ სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტომასალაც გამოაქვეყნა. ეს ფოტოები „თაიმერმაც“ დაბეჭდა.

წესით და რიგით ამ ინფორმაციით საპატრიარქო უნდა დაინტერესებულიყო. რადგანაც საუბარი გვიანი საუკუნეების ძეგლზეა. წითელი ეკლესიის ნანგრევები ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული და მასზე საარჩევნო პლაკატის გაკვრაც კი აკრძალულია. ამის შესახებ განკარგულება ცესკოს აქვს გამოცემული.

საპატრიარქო არ დაინტერესდა, სამაგიეროდ ე.წ. მორწმუნეები შემოგვივარდნენ და ისეთი სიტყვებით გვაგინეს, რომ ქუჩის ქალებს და კაცებსაც კი შეშურდებოდათ. ამტკიცებდნენ ამ ეკლესიის მრევლი ვართ და იქ წირვა-ლოცვა აღევლინებაო. ეტყობა ამათ სამრეკლოში გინება და ტყუილი ცოდვად არ ითვლება, რადგანაც წითელი ეკლესია უბრალოდ აღარ არსებობს, მხოლოდ საკურთხევლის კედელია შემორჩენილი. და როგორც დმანისის მერის დახმარებით გავარკვიეთ, ტერიტორია, სადაც ისტორიული ძეგლის ნანგრევებია, კერძო პირების საკუთრებაშია.

წითელი ეკლესიის ნანგრევებს რომ საქონლის სადგომად იყენებდნენ ამ ინფორმაციაზე რეაგირება საპატრიარქოს მაგივრად არასამთავრობო ორგანიზაცია „საუდაკმა“ მოახდინა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ დადიანმა „თაიმერთან“ საუბარში განაცხადა, მათ ნახეს თუ არა „თაიმერში“ გასული ინფორმაცია, მაშინვე მიმართეს რეაგირებისთვის დმანისის მერს.

მიმართვიდან 10 დღეში დმანისის მერიისგან პასუხი მიიღეს. დმანისის მერმა წითელი ეკლესიის ნანგრევების ამსახველი ფოტოებიც გამოაგზავნა. ამ ფოტოებს ჩვენც შემოგთავაზებთ და თავად დარწმუნდებით რა ვითარებაა იქ.

ყიზილქილისაში ჩასულმა დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა გაარკვია, რომ ტერიტორია, სადაც ისტორიული ძეგლი მდებარეობს გიულშან და კულუზარ მარდანოვების კერძო საკუთრებაშია მოქცეული.

დმანისის მერის ინფორმაციით, წითელი ეკლესია შემოღობილია ძველი მავთულხლართებით. გიორგი ტატუაშვილის განმარტებით, ძეგლი ავარიულ მდგომარეობაშია და მხოლოდ საკურთხევლის კედელია შემორჩენილი. მერის თქმითვე, ეკლესიის ნანგრევებს საქონლის სადგომად არ იყენებენ, იქ თივას ინახავენ.

გიორგი ტატუაშვილის გადაწყვეტილებით, დმანისის მერიის წარმომადგენლები მარდანოვებს შეხვდნენ და მოუწოდეს, რომ მათ თივა ეკლესიის ნანგრევებიდან გაეტანათ. დმანისის მერი ამბობს, რომ ისინი მზად არიან ნასაყდრალის ტერიტორია შემოღობონ და ძეგლი საბოლოო განადგურებისგან იხსნან. ამაში დმანისის მერიას კულტურის სამინისტროს თანხმობა და მხარდაჭერა სჭირდება.

„საუდაკის“ ხელმძღვანელი თამარ დადიანი მიიჩნევს, რომ ისტორიული ძეგლის სახელმწიფოსთვის დაბრუნებაში დმანისის მერიას ყველა უნდა დაეხმაროს ხელისუფლებაც და საპატრიარქოც.

თამარ დადიანის თქმით, ისტორიული ძეგლების კერძო მესაკუთრეებზე გასხვისება იშვიათობას არ წარმოადგენს. „საუდაკი“ მიმართავს საერო და სასულიერო ხელისუფლებას რომ ისტორიული ძეგლების გასხვისება აიკრძალოს.

მივმართავთ მთავრობას და საპატრიარქოს, წითელი ეკლესია სასწრაფოდ დაუბრუნდეს სახელმწიფოს და მკაცრად აიკრძალოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასხვისება. განსაკუთრებით ისეთ პიროვნებებზე, ვისაც ფასეულობებთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ამის გაკეთება ერის და ქვეყნის წინაშე დანაშაულია, -მიიჩნევს თამარ დადიანი.

იმედი ვიქონიოთ, რომ სახელმწიფო სათანადო რეაგირებას მოახდენს და გვიანი საუკუნეების ნასაყდრალს დაიბრუნებს. მატყუარა და მაგინებელ ვითომ მორწმუნეებს კი ვერაფერს ვურჩევთ. იმ სიტყვების პირიდან ამომშვებებთან საუბარს აზრი არ აქვს.

 

 

 

 

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

 

 

banner
წინა სტატიაშიინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტებს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინა