ექსკლუზივი: რა მისიით შემოდის პოლიტიკაში ლევან ვასაძე

ქართულ პოლიტიკაში მალე რამდენიმე ახალი ძალა გამოჩნდება. სადაც ძირითადად ძველი სახეები იქნებიან. “რაინდი” ლევან ვასაძე პოლიტიკაში ოფიციალურად არასდროს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის პოლიტიკის გარშემო ტრიალებდა. მოსვლითაც რამდენჯერმე სცადა მოსვლა, მაგრამ დაამუხრუჭა.

„თაიმერის“ ინფორმაციით, ის ახლო მომავალში გააკეთებს პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებას. როგორც გვითხრეს, მასთან ერთად ახალ ძალაში ვიხილავთ პარლამენტის ყოფილ წევრსა და საქართველოში პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს.

ჩვენი ინფორმაციით, ვასაძემ ე.წ. პრორუსული ფლანგი უნდა აითვისოს. მას „ქართული ოცნება“ დაეხმარება იმაში, რომ პატრიოტთა ალიანსი და ბურჯანაძის პარტია ამ ველიდან განდევნოს. ამ საქმეში მას რუსებიც შეუწყობენ ხელს. ლევან ვასაძე კრემლის იდეოლოგის დუგინის ახლობელი და მისი იდეების დიდი მოტრფიალეა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლა ბოლო წლებში რამდენჯერმე სცადა. 2013 წელს ის პრემიერობის კანდიდატადაც კი განიხილებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ მთავრობის მეთაურად ყოფნისას დაუწყო თავის მემკვიდრეს ძებნა. ვასაძეზეც ფიქრობდა, მაგრამ ეს ვარიანტი არ გამოვიდა. 2013 წლის 17 მაისის გეიაღლუმის დარბევის შემდეგ, ვასაძის პრემიერობა უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ უმცირესობების აწიოკების უკან ის იდგა.

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა პოლიტიკაში მოსვლა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც სცადა. ის პრეზიდენტადაც აპირებდა კენჭისყრას. მისი კანდიდატურის წარდგენა დიდ საერო და სასულიერო კრებაზე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს კრება ჩაიშალა. ვასაძემ უბრალოდ წარდგენა იუკადრისა. თან არც მოსკოვიდან ჰქონდა ნებართვა და დროებით განზე გადგა.

2019 წელსაც გამოჩნდა. მაშინ როცა ქართველი ახალგაზრდები რუსთაველზე გავრილოვის ღამის მომწყობების დასჯას ითხოვდნენ. ვასაძიანელებმა რაღაც საპროტესტო აქციები დაიწყეს სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ. ვასაძე მაშინაც გააჩერეს, მაგრამ ის რამდენიმე თვეში ისევ გააქტიურდა. ყველას გემახსოვრებათ ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ითხოვდა, რომ ეს ფილმი არ გასულიყო.

პოლიციამ მას თავისი არ გაატანინა. ამაზე ვასაძე ძალიან გაბრაზდა და ვერის ბაღში გამართულ აქციაზე ივანიშვილი ჩაუშვა. თქვა რომ ოლიგარქს რამდენჯერმე შეხვდა საიდუმლოდ. დეტალები არ გაუსაჯაროებია, მაგრამ ყველა მიახვედრა რომ ივანიშვილი მას პარტიის შექმნას სთავაზობდა.

მედიასთან საუბარში ის ამტკიცებდა რომ მას პოლიტიკაში მოსვლა არ სურდა. ამტკიცებდა, ამ ნაბიჯს მხოლოდ მაშინ გადავდგამ, თუ ამის აუცილებლობა დავინახეო.

-როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს თავის ნებით პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ჰქონდეს? მიმაჩნია, რომ ადამიანი პოლიტიკაში შეიძლება მოვიდეს მხოლოდ სამი მიზეზით. პირველი – ფულზე ჩალიჩი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, მეორე – ძალაუფლების სიყვარული, რაც ჩემთვის მიუღებელია და მესამე – გულწრფელი შეწირვა და მსახურება. აი, მაგისი მე მჯერა, მაგრამ ეგ ისეთი ჯვარია. მიმაჩნია, რომ თუ მაცხოვარმა ვერ მონახა 12 მიმდევარი, ვინც არ უღალატებდა, მე ვინ ვარ, რომ ამხელა ტვირთი ავიკიდო და მქონდეს იმედი იმისა, რომ არ ჩავეფლობი იმ სიბინძურეში, რასაც ჰქვია ქართული პოლიტიკა, – აცხადებდა მაშინ ვასაძე.

საინტერესოა რანაირად ახსნის ახლა ის პოლიტიკაში შემოსვლის მიზეზს.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ცხინვალში გახელაძის ე.წ. სასამართლო კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა
შემდეგი სტატია91 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი გივი კასრაძე