ექსკლუზივი-ოპერაცია რიგითი მილიარდერის “გასაპრავებლად” – რა მესიჯ-ბოქსი შეიმუშავა „ოცნებამ“

ქვეყნის მთავარ მეოცნებეს თავისუფლად შეუძლია მთავარ მტრად თავისი ენა გამოაცხადოს. მის ბოლო ინტერვიუს, რომელიც „იმედის“ ეთერში გავიდა, დიდი სკანდალი მოჰყვა. საზოგადოება განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნიდან წასვლას და საზღვარგარეთ მუშაობისკენ მოუწოდებს. დასრულდა თუ არა ინტერვიუ, ოპოზიციამ მისი ეს განცხადება ხელზე დაიხვია და ახლა ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ მილიარდერი ქართველებს აიძულებს ლუკმა-პურის საშოვნელად საქართველოდან გადაიხვეწოს.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ივანიშვილს სურს, რომ საქართველო ქართველების გარეშე დარჩეს და ამიტომაც არ იქმნება ქვეყანაში სამუშაო ადგილები. სხვა შემთხვევაში, „ოცნებას“ ხალხის განწყობა დიდად არ დააინტერესებდა, მაგრამ ახლა აუცილებელია ხალხის გულის მოგება, თუმცა ივანიშვილმა ამ განცხადებით ისინიც კი გადაიმტერა, ვინც მას ჯერ კიდევ მხარს უჭერდნენ.

ხალხის გულის მოსაგებად მმართველმა პარტიამ ოპერაცია დაგეგმა. „ოცნების“ პარტაქტივმა დღეს, 28 ნოემბერს, მიიღო განკარგულება, იგივე მესიჯ-ბოქსი, რომ ყველა ხერხით „გააპრავონ“ ბიძინა ივანიშვილი.

„ოცნება“ რომ მესიჯ-ბოქსებით იმართება, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია და სიმართლე თუ გინდათ, ამაში გასაკვირიც არაფერია.

როგორც „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერთან“ საუბარში ამბობს, მმართველმა პარტიამ მოსახლეობა უნდა დაარწმუნოს, რომ ივანიშვილს სამუშაო ადგილებზე ასე არ უთქვამს და ჩვენ რაღაც არასწორად გავიგეთ. რიგითი მილიარდერის „გაპრავების“ ოპერაციაში ყველა უნდა ჩაერთოს, მნიშვნელობა არა აქვს წვრილი სახელმწიფო მოხელე იქნება ის თუ მსხვილი.

„ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს მიუვიდა შეტყობინება, რომ მათ უნდა „გააპრავონ“ ბიძინა ივანიშვილი, მათ უნდა დაუმტკიცონ მოსახლეობას, რომ პარტიის ლიდერს არ უგულისხმია, რომ ქართველებმა სამსახური საზღვარგარეთ უნდა ეძებონ“, -გვიყვება ჩვენი წყარო.

„გაპრავება“ უკვე დაიწყო. ამ საქმეში პირველები გუგული მაღრაძე და დიმიტრი ხუნდაძე იყვნენ, მაგრამ მათმა “გაპრავებამ” პირუკუ შედეგი გამოიღო. ამიტომაც ამ საქმეში შემდგომ ყველა ჩართეს.

ვისაც იმ ინტერვიუსთვის არ მოგისმენიათ, შეგახსენებთ თუ რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა. დასკვნა შეგიძლიათ თავად გააკეთოთ.
„2 მილიონ სამუშაო ადგილს საქართველოში ვერცერთი ეკონომიკა ვერ შექმნის. ამიტომ სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ და ხალხს ღირსება დავუბრუნოთ. შედარებით ღარიბ ქვეყნებში გახიზნული ჩვენი თანამოქალაქეები შეიძლება შემობრუნდნენ, ლეგალურად პასპორტები განაახლონ და უფრო მაღალანაზღაურებად ქვეყნებში წავიდნენ და დასაქმდნენ. 2-3 წელიწადში, მე ვფიქრობ, თუმცა გარანტიებს ვერ ვიძლევი, მაგრამ 2-3 წელიწადში აბსოლუტურად რეალურია ჩვენ მივიღოთ ბალანსი. ვისაც სად უნდა იქ იმუშაოს, მაგრამ იმუშაოს ღირსეულად“, -განაცხადა ივანიშვილმა.

ეს ინტერვიუ პირდაპირ ეთერში არ გასულა. გასვლამდე ის ბევრმა მოისმინა, მათ შორის ივანიშვილის „პიარშიკებმა“ და მრჩევლებმა. წესით მათ მთავარი მეოცნებისთვის უნდა აეხსნათ, რომ ამ განცხადებას ხალხში მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა. თუმცა როგორც მმართველი პარტიის კულუარებში ამბობენ, ივანიშვილს არ უყვარს კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა. ამიტომაც არ უთხრეს მას, რომ მის განცხადებას დასაქმების თაობაზე, ასეთი ამბები მოჰყვებოდა. მას არ უთხრეს და ახლა უარეს დღეში ჩავარდნენ.

და კიდევ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სასწრაფოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დასაქმებასთან დაკავშირებით ახალი პროგრამა შეიმუშაონ, რომელიც დასამტკიცებლად მთავრობას წარედგინება.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიCNN: „ტრამპი საქართველოსა და უკრაინას დაეხმარება თანხით, რომელსაც ნატოში შენატანის შემცირებით დაზოგავს“
შემდეგი სტატიადღეს პრაღაში ზურაბ აბაშიძესა და გრიგორ კარასინის შორის შეხვედრა გაიმართა