ექსკლუზივი-„ოცნებამ“ მწარედ მომატყუა!“ – რატომ უნდა ანზორ მელიას ივანიშვილთან შეხვედრა

14203452_1187984367891729_2128331196_oმართლა შესთავაზეს თუ არა „ნაციონალებმა“ ზუგდიდის მაჟორიტარობა ცნობილ კარდიოლოგს-ექსკლუზიური ინტერვიუ ანზორ მელიასთან.

  

„თუ ასე გაგრძელდა, ხუთ წელიწადში საქართველოში ნორმალური აღარც კლინიკა იქნება და აღარც ექიმები იქნებიან!.. არ შეიძლება, ერთი ადამიანის ხუშტურებზე ვიაროთ!.. ბატონმა ივანიშვილმა ახლა ჟურნალისტობა მოინდომა და უნდა, ხალხი დაარწმუნოს, მაგრამ მაინტერსებს, რაში ან როგორ უნდა დამარწმუნოს, თავისი მაგიური ქვების გადაადგილებით? ისიც მაინტერსებს, იმ ქველმოქმედებას რატომ აღარ აგრძელებს, რომლითაც მოსახლეობა აღფრთოვანებული ვიყავით?“ – რიტორიკულად კითხულობს კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი, ცნობილი კარდილოგი ანზორ მელია, რომელიც იმასაც აღიარებს, რომ თავის დროზე „ოცნების“ მხარდამჭერი იყო და ამის ნიადაგზე ვაჟთან, თბილისის მერობს ყოფილ კანდიდთან, ნიკა მელიასთან სერიოზული უთანხმოება მოუვიდა, თუმცა დღეს მამა-შვილი ერთ პოზიციაზე არიან. მეტიც, ბატონი ანზორი ამბობს, რომ „ოცნების“ გამო შვილთან ბრძოლაში დამარცხდა…      

 

– ბატონო ანზორ, ამ გადარეულ ქვეყანაში თავს როგორ გრძნობთ?

– იტალიიდან ახლახანს დავბრუდი.

– იქ რა გინდოდათ?

– რომში ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი ჩატარდა და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჩვენი ხალხი ძალიან ცოდოა.

– ამას რატომ ამბობთ?

– რატომ და, – რომის ქუჩებში რომ დადიხარ, ბედნიერ სახეებს ხედავ, ხალხი ერთმანეთს ისე შესციცინებს და უღიმის, როგორც ჩემი ახალგაზრდობის დროს ჩვენთან იყო. ჩიტაძის ქუჩაზე, 47-ე საშუალო სკოლაში ვასწვლობდი, ხშირად რუსთაველის პროსპექტზე ჩამოვდიოდი და ამ გამზირზე სერინობას არაფერი სჯობდა.

– მაშინ ტოტალიტარულ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ბატონო ანზორ და, ხალხი მაინც ბედნიერი იყო?

– დიახ, არაფერზე ზრუნავდა, რადგან სამუშაოც ჰქონდა და ხელფასიც, დასასვენებლადაც დადიოდა, ანუ საშუალო ფენა და ინტელიგენცია უკეთესად ცხოვრობდა. მართალია, საბჭოთა კავშირი დახურული ზონა იყო, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობდით…

– მაშასადამე, იმისთვის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, მთავარი თავისუფლება  კი არა, სოციალური საკითხებია?

–  ასე გამოდის… ერთ-ერთი წარმატებული ექიმი და, ამასთან, ერთ-ერთი წარმატებული კლინკის ხელძღვანელი ვარ – კლინიკა მხოლოდ თბილისში კი არა, ზუგდიდშიც მაქვს. თუ უნდათ, ყველაფერი წაიღონ, თავის ვალიანად და ბანკის სესხიანად, ოღონდ უფასო მედიცინა დამიბრუნონ!

– ანზორ ბატონო, „ოცნებამ“ უფასო მედიცინა დაგვიბრუნა. ყოველ შემთხვევაში, ყველა აღიარებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ერთ-ერთი წარმატებული პროექტია…

– ვანო, სიმართლე გითხრათ, ყველა მთავრობის უკმაყოფილი ვიყავი, მაგრამ პროტესტს ხმამაღლა არ გამოვთქვამდი. ამ მთავრობამ კი მაიძულა, რომ ვიყვირო: რას ჩადიხართ?! – მედიცინა ბიზნესის ერთ-ერთ დარგად აქციეს. წარმოგიდგენიათ, მცხეთის პოლიციის ყოფილი ურფოსი ჯერ სასწრაფო დახმარების მთავარ ექიმად დანიშნეს, ახლა კი, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.

– მედიცინა ბიზნესად „ოცნებამ“ კი არ აქცია, მგონი, ისეც ბიზნესი იყო…

– არა, მედიცინა ბიზნესი არასოდეს ყოფილა და არც უნდა იყოს, რადგან ამით ახალგაზრდა ექიმების გადაგვარება ხდება, რაც დაუშვებელია!

– ასეა თუ ისე, ფაქტია: 2012 წლამდე ადამიანები ექიმთან, უსახსრობის გამო, არათუ სამკურნალოდ, დიაგნოზის დასადგენადაც ვერ მიდიოდნენ. მეტიც, ისეთი შემთხვევებიც იყო, როცა ხალხი ბანკიდან სესხს სამკურნალოდ იღებდა. დღეს მსგავსი პრობლემების წინაშე აღარ ვდგავართ და დავიჯერო, ეს არ მოგწონთ?

– ეს, ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ წეღან გითხარით, სასწრაფო დახმარების მთავარ ექიმად პოლიციის ყოფილი უფროსი დანიშნეს-მეთქი, რომელმაც ფულის გათეთრების მახინჯი წრე შექმნა.

– ანუ?

– ანუ ის, რომ სასწრაფო დახმარებას პაციენტები ისეთ კლინიკებში მიჰყავს, სადაც ყოფილი მთავარი ექიმის ხალხი მუშაობს.

– მსგავსი ბრალდება წინა ხელისუფლების მისამართითაც მომისმენია…

– თუკი ასეთი რაღაცები წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა, ეს ხელმძღვანელებისგან კი არ მოდიოდა, არამედ, ყველაფერი რიგითი ექიმების დონეზე წყდებოდა. ადრე პროფესორი ან ექიმი მებრძოდა, დღეს კი სახელმწიფო მებრძვის! საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძალიან კარგია და „ოცნებას“ ამას არ ვუკარგავ, მაგრამ მთავრობას ამის გაპიარების შნოც არ აქვს! ალბათ, გახსოვთ, ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი ამბობდა, სიცოცხლისუნარიანობამ იმიტომ მოიმატა, ბებია-ბაბუები აღარ ნერვიულობენ, რომ ქუჩაში გასულ შვილიშვილებს მოუკლავენო. სინამდვილეში, სიცოცხლიხანგრძლივობა ამის კი არა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამო გაიზარდა – წინა ხელისუფლების დროს, როცა პაციენტი მწვავე ინფრაქტით მოდიოდა, ჰოსპიტალიზაცია ან ანგიოპლასტიკა აუცილებელი იყო, მაგრამ საამისოდ ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა და შინ ბრუნდებოდა. ყველა ამ, ასე ვთქვათ, მომსახურეობას კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ითვალსიწინებს. საერთოდ, ინფრაქტის დაწყებიდან ექიმი რაც მალე ჩაერევა, გულის კუნთის გადარჩენის შანსი უფრო მეტია.

– მოკლედ, აღიარებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც „ოცნებამ“ დანერგა, კარგია, არა?

– დიახ, კარგია, მაგრამ ამავე დროს, ცუდიცაა, რადგან მხოლოდ მწვავე ინფრაქტი ფინანსდება, სხვა დაავადებები კი – არა. ამიტომ, ექიმს, სხვა დაავადებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რომ მოახვედროს, მაქინაციების კეთება უწევს, ანუ ყველას მწვავე ინფრაქტში „სვამს“, რასაც საქართველოს კი არა, ინგლისის ბიუჯეტიც ვერ გაუძლებს!

მაგალითად, რადენიმე დღის წინ, 45 წლის მამაკაცი ტიპური ტკივილით შემოვიდა, ცვლილებას არც კარდიოგრამა აჩვენებდა და არც – ექოსკოპია, შესაბამისად, კონოროგრაფიის გაკეთების უფლება არ გქვონდა… მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი ვარ და ვიცი, რომ კონოროგრაფია იყო გასაკეთებელი, ამას ვერ ვასაბუთებდი და იძულებული გავხდი, პაციენტი გამეწერა, შუაღამისას კი, ინფრაქტით მოიყვანეს…

– იმისთვის, რომ საყველთაო ჯანდაცვის ხარვეზის გამოსწორდეს, საჭირო რა არის?

– უფასო ჯანდაცვა დაბალშემოსავლიანებისა და უმწეობისთვის უნდა იყოს. ყველა დანარჩენი კი, ვინც მუშაობს, უნდა დავალდებულო, რომ კერძო სადაზღვეო კომპანიაში დაეზღვიოს და მისი მკურნალობის თანხაც, საჭიროების შემთხვევაში, კერძო სადაზღვეო კომპანიამ გადაიხადოს. მაგალითად, პირადად მე, თვალის ოპერაცია გავიკეთე. მართალია, ერთ-ერთ კერძო სადაზღვეო კომპანიაში კარგი პაკეტით ვარ დაზღვეული, მაგრამ როც ვიკითხე, ოპერაციას რამდენით მიფინანსებთ-მეთქი, მიპასუხეს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რამდენით დაგაფინანსებთო. მე, როგორც დაზღვეული, თანხას სახელმწიფოს კი არა, კერძო სადაზღვევო კომპანიას ვუხდი, რომელმაც კეთილი, უნდა ინებოს და ოპერაცია დამიფინანსოს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერს თავის თავზე სახელმწიფო იღებს, არადა, სახელმწიფოს ფული სად აქვს?

– ბატონო ანზორ, თქვენი, როგორც პროფეისონალის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ის ლასფუსები, რაზეც მელაპარაკებით, რისი ბრალია?

– რისი და, – უვიცობის, უნიათობისა და არაპროფესიონალიზმის! მოკლედ, სახელმწიფო ხარ და თუ ექიმს, ან კლინიკას ლიცენზიას აძლევ, მაშინ პატივი მის პროფესიონალიზმსაც ეცი და იმის უფლებაც მიეცი, ისტორიაში დაასაბუთოს, პაციენტს ესა თუ ის მანიპულაცია, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს, რატომ სჭირდება. სხვათა შორის, ზოგჯერ პაციენტის ჩივილები უფრო მეტ მასალას იძლევა, ვიდრე – თანამედროვე გამოკვლევები, მაგრამ გამოკვლევების გარეშე დიაგნოზს ვერ ვსვამთ, რადგან გვეშინია, არ დაგვაჯარიმონ…

კლინიკა 21 წლის წინ გავხსენი და მაშინ ამის გაკეთება ადვილი იყო – რაღაცები ვაუჩერებითაც ვიყიდე, დღეს კი, მილიონერი რომ იყო, კლინიკის გასახსნელად თანხა არ გეყოფა, მილიარდერი უნდა იყო, რომ ახალი კლინიკისთის ძვირადიღრებული აპარატურა  შეიძინო. ეს რიგით ექიმებსა თუ ოჯახისშვილებს არ შეუძლიათ. ამიტომ, ყველა ახალი კლინიკის უკან ან პარლამენტის წევრები დგანან, ან სხვადასხვა მინისტრის მოადგილეები და შესაბამისად, ახალი სამედიცინო დაწესებულებები სოკოებივით მრავლდებიან. პროფესინალური კლინიკები კი, რომლებიც თავიანთი შრომით მოდიან, მალე დაიხურებიან. ამიტომაც, ამ მთავრობას მხარს არ დავუჭერ!

– ზოგმა შეიძლება იფიქროს, ანზორ მელია „ოცნებას“ შვილის გამო უპირისპირდებაო… სხვთა შორის, ისიც მსმენია, იმის გამო, რომ „ნაციონალი“ გახდა, თავის დროზე ნიკასთან თითქოს უთანხმოება მოგივიდათ…

– უთანხმოება კი არა, ამის გამო ნიკასთან ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა მქონდა. ეს ჩვენი ტკიბილი ოჯახისთვის, საიდანაც ხმაღალი ლაპარაკიც არავის გაუგია, ტრაგედია იყო! პოლიტიკაში ჩვენი გემოვნება გაიყო: ნიკა მხარს „ნაციონალებს“ უჭერდა, მე კი – „ოცნებას“. ივანიშვილი ღმერთად მიმაჩნდა და მახსოვს, 2012 წლის პირველ ოქტომბერს, საარჩევნო უბანზე დილითვე წავედი და „ოცნება“ შემოვხაზე. ჩემმა მეუღლემაც იგივე გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმა არც ჩემს ქალიშვილის მიუცია. „ნაციონალების“ მხარდამჭერი მხოლოდ ნიკა იყო. ორივე ემოციურები ვართ და ამ კამათში ყველაფერი, რაც სახლში ძვირფასი გქვონდა, დავამტვრიეთ.

– ანუ, იჩხუბეთ?

– დიახ, ეს ჩვეულებრივი კი არა, სამკვდრო-სასიცოცხლო ჩხუბი იყო. კორცხელში მსოფლიო ჩემპიონები ვერ მოერივნენ და მე როგორ მოვერეოდი, მაგრამ ნიკას მამის პატივსცემა აქვს და ბოლოს, იატაკზე დავარდა და ტირილი დაიწყო, მამა, „ოცნება“ ამას და ამას იზამ და რას აკეთებო?! ბოლოს, მისი ნათქვამი ასრულდა. ამ ბრძოლაში შვილთან დავმარცხდი!

– „ნაციონალების“ რა არ მოგწონდათ?

– ჩემს, ასე ვთქვათ, შემეცნებაში „ნაციონალების“ მიმართ განწყობა პირველად მაშინ შეიცვალა, ეკლესიას სატვირთო ავტომანქანა რომ დააჯახეს. ეს პირველი სიგნალი იყო, რამაც შემაშფოთა. „ნაციონალების“ ისიც არ მომწონდა, ყველა ერთნაირად და ერთნაირი სიტყვებით რომ ლაპარაკობდა, რაც „ოცნებამ“ ზუსტად გადაიღო: შეხედეთ პარლამენტრაებსა და მთავრობის წევრებს – ვოლსკი რაღაცას იტყვის და სხვები თუთიყუშებივით იმეორებენ. „ნაციონალებისაც“ სწორედ ეს არ მომწონდა, თუმცა დღეს მაინც ისინი მირჩევნიან, რადგან საქმეს აკეთებდნენ, განათლებულებიც იყვნენ…

– კი ბატონო, განათლებულები შეიძლება, მართლაც, არიან, მაგრამ ბატონო ანზორ, სიმართლე უნდა ითქვას: „ნაციონალები“ ადამიანებს ქუჩაში კლავდნენ, ქონებას და ბიზნესს ართმევდნენ.

– ბიზნესს იმას ართმევდნენ, ვისაც სახელმწიფო ქონება კაპიკებად ჰქონდა შეძენილი, თან უცბად კი არ ართმევდნენ, არამედ, ეუბნებოდნენ, მაგალითად, სასტმრო ააშენე, ან სანაპიროზე რამე გააკეთეო.

– მსგავსი ულტიმატუმი თქვენთვისაც წაუყენებიათ?

– არა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განწყობა იცოდნენ. მეტიც, წეღანაც გითხარით, ზუგდიდში კლინიკა მაქვს-მეთქი. ჰოდა, ადეიშვილს, რომელსაც არც ვიცნობ და რომლის მიმართაც სიმპათიითაც ახლა ვარ განმსჭვალული, დაუვალებია, ყველა დაწესებულებამ, რომელიც სამეგრელოში მუშაობს, სოფლის სკოლებისთის ორ-ორი კომპიუტერი იყიდოსო. მოკლედ, დაწესებულებების სია შეადგინეს, მაგრამ ადეიშვილს ამ სიაში კლინიკა „გული“ რომ დაუნახავს, გადაუხაზია, ამ საცოდავს, ისეთადც ამდენი ვალი აქვს და კისერზე კიდევ ჩვენ ხომ არ დავაწვებითო.

– ამ დროს ნიკა უკვე „ნაციონალი“ იყო?

– არა, ოქსფორდში სწავლობდა.

ყოველ დილას „ნაციონალების“ ლანძღვით ვიწყებდი, რადგან მიტინგების დარბევა არ მომწონდა და იმანაც, რაც „იმედში“ მოხდა, ჩემზე საშინლად იმოქმედა, მაგრამ ყველაფერს ახლა რომ ვაანალიზებ, რა მნიშვნელობა აქვს: ნიღბიანები იარაღით შემოგივარდებიან თუ სასამართლოს ძალით გაგანადგურებე? „ოცნებაც“ იგივეს აკეთებს, რასაც „ნაციონალები“ აკეთებდნენ და ამის მაგალითი „რუსთავი 2“-ია.

– არ გეთანხმებით, ბატონო ანზორ, რადგან ადამიანები დღეს, ასე თუ ისე, მაინც თავისუფლად სუნთქავენ!

– თავისუფლად სუნთქვა რას ნიშნავს?

– რას და, – თუნდაც იმას, რომ ქუჩაში პოლიცია უმიზეზოდ არავის კლავს!

– დღეს პოლიცია უსუსურია და ვერაფერს აკეთებს! სააკაშვილისდროინდელ და დღევანდელ პატრულს შორის ისეთი განსხვავებაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის! მახსოვს, ავტომანქანის საბურავი დამეშვა, პატრული მოვარდა და ისე გამოცვალა, ხელიც არ გამანძრევინა…

– …ბიძინა ივანიშვილს იცნობთ?

– არა, თუმცა ადრე ვაღმერთებდი, დღეს კი, ვეღარ ვიტან!

– ბანტონო ანზორ, თქვენი განწყობის ასეთ რადიკალურ ცვლილებაზე ნიკა რას ამბობს?

– ნიკას, პრაქტიკულად, ვერ ვნახულობ, თუმცა მის განცხადებებს, რასაც ტელევიზიით ვისმენ, ვეთანხმები!

– როცა ნახეთ, რომ კორცხელში თქვენს ვაჟს სცემდნენ, როგორც მამას, როგორი რეაცქია გქონდათ?

– ხომ იცით, ადამიანი რაღაც ცუდს რომ იგებს, გაოგნდება ხოლმე. თანამშრომელმა დამირეკა და მკითხა, ბატონ ანზორ, ნიკა როგორააო. გამიკვირდა, რა ხდება-მეთქი, მაშინვე ტელევიზორი ჩავრთე და გაოგნებული დავრჩი! ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ იმას ვერასოდეს, რომ მთავრობა, რომლის მოყვანაში წვლილიც მე მიმიძღვის, ისევე მოიქცეოდა, როგორც წინა მთავრობა იქცეოდა! მახსოვს, „ოცნებას“ მიტინგი რომ ჰქონდა, ზუგდიდში სპეციალურად ჩავედი და ხუთ წუთში ნიკას ფოტო ჰქონდა, მიტინგზე რომ ვიყავი. ჩემს შვილს ასე იმიტომ ვუპირისპირდებოდი, რადგან ამ კაცის მჯეროდა. მე ხმა არც ღარიბაშვილისთვის მიმიცია და არც – ვინმე სხვისთვის. „ოცნებას“ ხმა ივანიშვილის გამო მივეცი, მაგრამ რატომ მიღალატა და რატომ გადადგა? ის, რასაც შეგვპირდა, ხომ უნდა შეესრულებინა? ხალხი ნაგვის ყუთებში „ნაციონალების“ დროსაც იქექებოდა, მაგრამ ახლა ნაგვის ყუთებთან რიგი დგას, თან ახლაგაზრდები იქექებიან და ეს ხომ სოციალურ მდგომარეობაზე მეტყველებს?

ექიმი ვარ და მთელ საქართველოს ხელისგულივით ვხედავ – პაციენტები ყველა რაიონიდან მოდიან და ათიდან ცხრა ხელისუფლების უკმაყოფილოა!

– იმის გამო, რომ პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალეთ, პაციენტთა რაოდენობამ ხომ არ იკლო?

– დიახ, იკლო.

– ანუ, „ოცნებელები“ თქვენთან მოსვლას ერიდებიან?

– (იღიმება) დიახ, აღარ მოდიან… როცა პაციენტთან ურთიერთობა წლობით გაქვს, მეგობრდები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნიკა პოლიტიკაში გამოჩნდა, ზოგი აღარ მირეკავდა და უცებ გავიგე, რომ სხვა ექიმთან დადის. კი  ბატონო, მათი ნებაა, ვისთანაც უნდათ, მასთან იარონ, მაგრამ ღმერთი არსებობს და ჩემთან ხუთჯერ მეტი ნეიტრალური ხალხი მოდის.

– ე. წ. ცნობილი პაციენტები სააკაშვილის დროაც გაგირბოდნენ?

– არა!

– ბატონო ანზრო, ბიზნესში პრობლემები სხვა მხრივაც ხომ არ გექმნებათ?

– დიახ, მექმნება.

– კონკრეტულად?

– ჩემი კლინიკის წინ ბაღია, რომელიც თავის დროზე ანტისანიტარიის კერა იყო. გავიგე, რომ ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენი ამ პარკის ყიდვას და სასტუმროს აშენებას აპირებდა. როგორ შეიძლება, საავამდყოფოს ტერიტორიაზე სასტუმრო აშენდეს? ჰოდა, მაშინვე მერიაში წავედი.

– ეს „ნაციონალების“ დროს ხდება?

– დიახ. მოკლედ, ამ ცნობილ სპორტსმენს გიგი უგულავა, თურმე, არ სწყალობდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს პარკი ვერ შეეძინა. სწორედ ამ დროს გამოვჩნდი და ვითხოვე, ამ ადგილს თუ მომცემთ, ბაღს გავაკეთებ-მეთქი. სხვათა შორის, ე. წ. არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე საპირფარეშო არაა. პირდაპირ საპრფაარეშოს ვერ გავაკეთებდი. ამიტომ ვიფქირე, წინა მხარეს ე. წ. ღია კაფეს გავაკეთებ, უკან კი – ტუალეტს-მეთქი. არქიტექტორმა მშვენერი გეგმა შეადგინა, ეს ტერიტორია 49-წლიანი იჯარით გადმომცეს და წელიწადში 7 500 ლარს ვიხდი. სკამები დავდგი, ხეები დავრგე, ხალხი ჯდება, ისვენებს… ყველაფერი ეს 2012 წელს ხდებოდა. ჰოდა, ვიფიქრე, „ნაციონალები“ წავლენ, ჩემი „ოცნება“ მოვა და ხელშეკრულებით გათავლსიწინებულ კაფეს და საპირფარეშოს მერე გავაკეთებ-მეთქი. მოვიდა „ოცნება“, თბილისის მერად ნარმანია აირჩიეს და მერიაში ხელშეკრულება შევიტანე, ეს პარკი 49-წლიანი იჯარით მაქვს აღებული და კაფის პროექტი დამიმტკიცეთ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს, სკვერში კაფის გახსნა არ შეიძლებაო. ამის შემდეგ, ერთი თვე გავიდა, კეთილმოწყობის სამსახურიდან მოვდნენ და ვინაიდან ხელშეკრულების პირობებს არ ვასრულებ, ანუ კაფეს არ ვხსნი, დამაჯარიმეს. ნარმანის შევუთვალე, ვიდრე მაგ ადგილზე ხარ, წყალში ჩავდგები-მეთქი. მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკას მამა ვარ, ხომ არ შეიძლება, ასე მომექცეს? ჩემს არქტიტექტორს პირდაპირ უთხრეს, ნიკას მამა რომ არ იყოს, ნებავრთვას ხუთ წუთში მივცემდითო…

გამსახურდიას მთავრობა თავდაპირველად ყველას მოგვწონდა, მაგრამ მერე, ბევრი რაღაც არ მომწეონა. შემდეგი მთავრობის დროს რაც იყო, იცით და ვამბობდი, კარდიოქირურგიაზე როგორ ვიფიქრებ-მეთქი. სააკაშვილი მოვიდა და კარდიოქირურგიის გახსნის სურვილი არც მაშინ მქონდა. ახლა კი გადავწყვიტე, ჩემს შენობას ერთი სართული დავაშენო, პროექტი გავაკეთე, მაგრამ ნარმანია ნებართვას ისევ იმიტომ არ მაძლევს, რომ ნიკას მამა ვარ!

– მაშასადამე, კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელს გული სტკივა?

–  მხოლოდ გული კი არ მტკივა, არამედ, ამათ იმედი მომიკლეს! „ნაცონალების“ დროს იმედი მქონდა, ახალი მთავრობა მოვა და ყველაფერი გამსოწორდება-მეთქი, მაგრამ… პრეზიდენტ მარგველაშვილის ინაგურაციაზე დამპატიჟეს. იქ ჩემი პაციენტებიც იყვნენ, ვიფიქრე, მივალ და მივულოცავ-მეთქი. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ყველამ „ნივიჟუ დამირტყა“.

– ბატონო ანზორ, ამბობთ, იმედი აღარ მაქვს. ჰოდა, ხომ არ ფიქრობთ, პოლიტიკაში მოხვიდეთ? სხვთა შორის, ითქვა, რომ „ნაცმოძრაობამ“ ზუგდიდში შეიძლება, მაჟორიტარობის კანდიდატად დაგასახელოთ…

– ამაზე ლაპარაკი იყო, მაგრამ ჩემს ასაკში ამ ნაბიჯის გადადგმა სწორად არ მიმაჩნია!

– ანუ, მიდასტურებთ, რომ „ნაციონალებისგან“ მსგავსი შემოთავაზება მიიღეთ?

– დიახ, შემომთავაზეს და ამაში დასამალი არაფერია, მაგრამ ამის წინააღმდეგი ნიკაც არის. ზუგდიდი ძალიან მიყვარს და ასეთი შემოთავაზება გამსახურიდას დროსაც მქონდა, შევარდნაძის დროსაც და სააკაშვილის დროსაც, მაგრამ ექიმი ვარ და ფონეიდოსკოპის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია!

– თქვენი მესმის, მაგრამ ხომ ხედავთ, პოლიტიკაც ავადაა და არ გინდათ, უმკურნალოთ?

– თუკი ეს ნიკას სჭირდება, მზად ვარ, გვერდით დავუდგე.

– ესე იგი, ვაჟთან უთანხმოება აღარ გაქვთ?

– არა, განსაკუთრებით, კორცხელის შემდეგ.

– ისე, ხომ არ გითვალთვალებენ?

– ვგრძნობ, რომ ჩემს ტელეფონს უსმენენ, მაგრამ რამდენიც უნდათ, იმდენი მისმინონ და მითვალთვალონ!

სხვათა შორის, ხელი სოფლის მეურნეობას მოვკიდე – აგარაკზე, კოტორაანთკარში 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ძლიან იაფად ვიყიდე. შარშანა საგაზაფხულო ქერი დავთესე და ჰექტარნახევარზე 5 ტონა მივიღე, შემოდგომაზე დათელისილიდან კი – 8 ტონამდე. ამ მოსავალს ხომ არ გავყიდი? – ამიტომ, ხუთსამდე ფრინველი და ორი ძროხაც მყავს.

– ესე იგი, „ოცნებას“ უნდა უმადლოდეთ, ხელი ფერმერობას რომ მიჰყავთთ, ბატონო ანზრო!

– (იღიმება) „ოცნებამ“ გამაბრაზა. ხედავთ, „ოცნების“ პარლამენტარები როგორ იქცევინა? სხვათა შორს, ჩემს ექიმებს ვეუბნები, როცა ურთიერთობა პაციენტთან გაქვთ, არც გრძელი ფრჩხილები უნდა გქონდეთ, არც პომადა გესვათ, არც ბრილიანტის ბეჭდები გეკეთოთ და არც სუნამე გესხათ-მეთქი. შენ კი, გაჭირვებული ქვეყნის პარლამენტარი ნაირ-ნაირი ტანსაცმლითა თუ სამკაულით კეკლუცობ და ამით ხალხს აღიზიანებ!

– ამ მხრივ კარგად არც „ნაციონალები“ იქცეოდნენ – ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მიშა უარს არც მაღალანაზღაურებადი მასაჟისტების მომსახურეობაზე ამბობდა…

– ეს საშინელება იყო და იგივე არ უნდა გააგრძელო! „ნაციონალებს“ კარგი ის მაინც ჰქონდათ, რომ ვთქვათ, ბათუმი და ანაკლია შენდებოდა, გზები კეთდებოდა. ესენი კი, ბარათაშვლის ხიდს ამდენი ხანი არემონტებენ, მიშა რომ ყოფილიყო, ერთ თვეში მორჩებოდა!

ისე, ერთი სული მაქვს, ივანიშვილს სადმე შევხვდე და ვკითხო, თუ რატომ დავმარცხდი ჩემს შვილთან ორთაბრძოლაში?  დიახ, შვილთან კონფლიქტი მის გამო მქონდა, მაგრამ ის, რაც შეგვპირდა, ვერ გააკეთა! ამბობენ, ასი კი არა, ათასი საწარმო გავხსენითო, მაგრამ ეს ჩემს პაციენტებს რატომ არ ეტყობათ და „ოცნება“ „ნაციონალებზე“ მწარედ რატომ იტყუება? იცით, ახლა „ნაციონალების“ რატომ მჯერა? – იმ დამოკიდებულის გამო, რაც ხალხის მიმართ ჰქონდათ, კისერი ერთხელ უკვე წაიმტვრიეს და ოპოზიციაში ყოფნის სიმწარეც იგრძნეს. ახლა კი, შემადგნელობა განაახლეს. ვიდრე არ დავივიწყებთ, რომ ის „ნაციონალია“, ეს კი – „ქოცი“, არაფერი გვეშველება. მერა რამ, რომ ვიღაც „ნაციონალია“? – მას ხომ ქართული გული უძგერს, კაცო?!

– ანზორ ბტონო, არ მახსენდება, ოდესმე ასეთი მწვავე განცხადებები გაგაკეთებნოთ…

– დიახ, ასეა, მაგრამ ამ ზომამდე „ოცნებამ“ მიმიყვნა! „ოცნებამ“ მწარედ მომატყუა და 69 წლის კაცს მაფიქრებინებს, რომ საქართველოდან გავქიცე, მაგრამ სად წავიდე? – ჩემი კოტორაანთკარის გარეშე არსებობა არ შემიძლია!

ისე, მე და ჩემს მეუღლეს გული გვტკივა, რომ ნიკა პოლიტიკაში წავიდა. ჩემი მეუღლე ამბობს ხოლმე, ამისთვის გავზარდეთ, რომ შვილი ასე გვილანძღონო?!.. მე რომ კენჭისყრაზე დავთანხმებულიყავი, ამას ჩემი მეუღლე გადაყვებოდა, თორემ მორალურად მზად ვიყავი, იმ საზარეულოში ჩამეხედა, სადაც ქართულ მედიცინას სპობენ!

– დავით სერგეენკოს იცნობთ?

– დიახ, ვიცნობ.

– მერე, ამ პრობლემებზე არ ელაპარაკებით?

– რამდენჯერმე დაველაპარაკე. წერილიც მივწერე, არსებობს კლინიკა, რომელიც კარდეოლოგიაში ულიცენზიოდ მუშაობს-მეთქი. შეამოწმეს და 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, თუმცა ეს ჯარიმა გადაიხადა და მუშაობას ისევ აგრძელებს.

– გავიძახით, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო, მაგრამ სინამდვილეში, ერთმანეთს ვჭამთ. ოდესმე გვეშველება?

– ეს, ალბათ, არასწორი აღზრდის ბრალია.

– ეს არასწორი აღზრდა რუსული გავლენა ხომ არაა?

– დიახ, ასეა.  მოსკოვის პირველი სამედიციო ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, დისერტაციაც იქ დავიცავი და რუსეთის მეორე სამშობლოდ მიმაჩნდა, მაგრამ 2008 წლის ომისა და მცოცავი ანექსიის მერე, არათუ პუტინის დანახვა, რუსეთში ჩასვლაც აღარ მინდა!

– აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში აღარ ყოფლხართ?

– არა და არც ჩავალ, რადგან ჩემი ტერიტორიები წამართვა!

– ქართულ პოლიტიკას პულსი ესინჯება?

– არა!

– ქირურგიული ჩარევა უშველის?

– კოლაიციური მთავრობა გვიშველის და ეს, პირველ ეტაპზე, ქირურგიული ჩარევა იქნება, მაგრამ თუ არჩევნებში ისევ ერთი პარტია – „ოცნება“ ან „ნაცმოძრაობა“ გაიმარჯვებს, არაფერი გვეშველება! ჯანრთელი კონკურენცია და კოალიციური მთავრობა უნდა იყოს, რომლის წევრებიც ერთმნეთს კეთილი საქმეებით შეეჯიბრებიან და არა – შავი ჯიპების გამოცვლით!

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

banner
წინა სტატიაში“ერთად ვიბრძოლებთ დიდუბის 15 ოლქში გამარჯვებისთვის” – ირაკლი ღლონტი
შემდეგი სტატია„ოცნების“ მცხეთური „რაზბორკები“