ექსკლუზივი-კამიკაძეები დარიალის ხეობიდან – აგვისტოს ომის უცნობი გმირები

მათ შესახებ ძალიან ცოტამ იცის. არადა აგვისტოს ომის დროს მათ იმედზე იყო დარჩენილი საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭე -დარიალის ხეობა. რუსები საქართველოში შემოჭრას ამ გზითაც აპირებდნენ, საზღვართან მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. რამდენიმე თავზეხელაღებულმა მესაზღვრემ განწირულთა ჯგუფი შექმნა. ჯგუფის წევრები დარიალის ვიწროებში ელოდნენ მტერს და გარდაუვალ სიკვდილს. მათ ყველას გაცნობიერებული ჰქონდათ რა მოხდებოდა, თუ მოწინააღმდეგე დარიალიდან დააპირებდა შემოსვლას. რამდენიმე ადამიანი მხოლოდ ცოტა ხნით შეძლებდა რუსული არმიის შეკავებას. მერე ამ მიმართულებით მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.

განწირულთა ჯგუფს თბილისელი გიორგი კულუმბეგოვი მეთაურობდა. ის მაშინ ყაზბეგის სასაზღვრო დანაყოფში მსახურობდა. წლების წინ აფხაზეთში იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. იქ მიღებული საბრძოლო გამოცდილება დაეხმარა დარიალის ოპერაციის დაგეგმვაში.

ყველაფერი კი 2008 წლის 6 აგვისტოს დაიწყო. როგორც გიორგი კულუმბეგოვი „თაიმერთან“ საუბარში იხსენებს, ქართველ და რუს მესაზღვრეებს შორის თვეში ერთხელ იმართებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული შეხვედრა.  აგვისტოს თვეში რუსები უნდა ამოსულიყვნენ საქართველოში. შეხვედრა 7 აგვისტოს უნდა გამართულიყო.

გიორგი კულუმბეგოვი:

-შეხვედრა 7 აგვისტოს სტეფანწმინდაში, თოფაძის სასტუმროში უნდა გამართულიყო. შეხვედრამდე რუსებთან რაღაც საკითხები უნდა შეგვეთანხმებინა. 6 აგვისტოს მათთან ყოველგვარი კავშირი გაწყდა. როგორც შემდეგ გავიგეთ, საომარ სამზადისში რუსი მესაზღვრეებიც იყვნენ ჩართული. ჩვენ ჩვენი ძალებით შევეცადეთ გაგვერკვია რა ხდებოდა, მაგრამ ამაოდ. შემდეგ სასაზღვრო დეპარტამენტმაც სცადა რუსებთან დაკავშირება, მათაც არაფერი გამოუვიდათ. 7 აგვისტოს რუსები გეგმიურ შეხვედრაზე არ ამოვიდნენ. რაღაც ვიეჭვეთ. 8 აგვისტოს დილით უკვე ომი დაიწყო.

სასაზღვრო სამმართველოს ყველა უფროსი 8 აგვისტოს დილითვე დაიბარეს გორში. უფროსობა ავტომატურად ჩემზე გადმოვიდა. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. დამატებითი ჯგუფები იქმნებოდა ფრონტის ხაზზე წასასვლელად. არადა უარესი ფრონტის ხაზი რუსებს შეიძლებოდა აქ გაეხსნათ. ცხინვალში სიტუაცია რომ დამძიმებულიყო, აქედან შეეცდებოდნენ საქართველოში შემოჭრას. ვლადიკავკაზში დაიწყეს ტექნიკის და პირადი შემადგენლობის მობილიზება, რომლებიც ყაზბეგის მიმართულებით უნდა გადმოესროლათ. ჩვენებმა როკის გვირაბთან 58-ე არმიის საშტაბო კოლონა რომ გაანადგურეს, ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ჩვენ იმაზე ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა საზღვრის გასამაგრებლად.

დარიალის ხეობაში დარჩენილი მესაზღვრეები კარგად აცნობიერებდნენ, რომ მტრის შემოტევას დიდხანს ვერ გაუძლებდნენ. მათ მოსაგერიებლად არც ცოცხალი ძალა იყო საკმარისი და არც იარაღი. ერთადერთი იმედი დარიალის ხეობა იყო.

– რაღაც უნდა გაგვეკეთებინა რომ წინააღმდეგობა გაგვეწია. იარაღი გვქონდა, მაგრამ იმდენი არა, რომ საბრძოლო მანქანებით შემოსული შენაერთი მოგვეგერიებინა. აქ უკვე დაგვეხმარა დარიალის ხეობა. რომელსაც არაერთხელ გაუძევებია ჩვენი მოწინააღმდეგე კუდამოძუებული.  1921 წელსაც ვერ შეძლეს რუსებმა საქართველოში დარიალიდან შემოჭრა, მაგრამ მაშინ სხვა ვითარება იყო. ახლა უფრო მძიმედ იყო საქმე.

ერთი რამ გვაწყნარებდა, პირველ ეტაპზე რუსები შვეულმფრენებით ვერ გაბედავდნენ შემოფრენას. დარიალის ვიწრო ხეობა მათ დიდი სისწრაფით მანევრირების საშუალებას არ მისცემდა.  მათი ჩამოგდება ლამის ხირიმის თოფითაც შეიძლებოდა. რუსები სახმელეთო გზით შემოვიდოდნენ, ცოცხალი ძალით და საბრძოლო მანქანებით. აქ უკვე პანიკა ითამაშებდა დიდ როლს, ვიდრე ძალის დემონსტრირება.

2008 წლის 9 აგვისტოს ყოველგვარი ნებართვის გარეშე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადამეკეტა გვირაბის გამოსასვლელი და მდინარე თერგის მარჯვენა კალაპოტი.  ეს იმიტომ გავაკეთე რომ მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკა ვერ შემოსულიყო. გვირაბის გადასაკეტად მჭირდებოდა ტექნიკა. ტექნიკის და საწვავის მოძიებაში მეხმარებოდა შმაგი ქერაშვილი.

სატვირთო მანქანა ყაზბეგის საგზაო სამსახურმა მომცა, საწვავი – დარიალის მონასტერმა. მთავარი ჩამხერგავი სამუშაოები მშენებარე გამტარი პუნქტის ტრაქტორისტმა ჩაატარა. ის გვარად ვოლნისტი იყო. აფხაზეთში იბრძოდა, ტანკისტი გახლდათ პროფესიით. ვუთახი ისე ჩაეხერგა გვირაბის გამოსასვლელი და თერგის კალაპოტი რომ მოწინააღმდეგის ტანკი ვერ შემოსულიყო. რაც მას არ გასჭირვებია. სამწუხაროდ ტრაქტორმა ვერ გაუძლო დატვირთვას და გვირაბთან გაფუჭდა. რაც დამატებით საფარად გამოვიყენეთ, ან უნდა გამოგვეყენებინა, – გვიყვება გიორგი კულუმბეგოვი.

მისი თქმით, ერთ დღეში მორჩნენ ჩახერგვას და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.

გიორგი კულუმბეგოვი:

– უნდა შეგვექმნა ე.წ განწირულთა ჯგუფი. ყველამ იცოდა, რომ ამ შეტაკებაში გადარჩენის შანსი არ გვქონდა. ახლანდელი გადმოსახედიდან ჩვენზე იტყოდნენ, ესენი სრულ ჭკუაზე არ არიანო, ისეთი რაღაც დავგეგმეთ. მოლოტოვის კოქტეილებიც კი დავავმზადეთ.

დარიალიდან გასულმა ლტოლვილთა ნაკადმა, მოღალატეებმა და შტატში არსებულმა მზვერავებმა მოწინააღმდეგეს ჩვენი სამზადისის შესახებ მოახსენეს. გვირაბით იქედან არავინ გასულა. ლტოლვილები კლდესა და ქვანაყარს შორის გადიოდნენ. ლტოლვილთა და მოღალატეების გასაგონად ვამბობდით, ხიდზე არ გაიაროთ დანაღმულია. არადა ხიდი იმ მომენტისთვის დანაღმული არ იყო. მაშინ გაგვიჩნდა მთავარი ხიდის აფეთქების იდეა. რასაც მე ვერ გავაკეთებდი. მინდია არაბულის დახმარებით დავუკავშირდი სასაზღვრო პოლიციის მაშინდელ უფროსს ბადრი ბიწაძეს.  მას ვთხოვეთ გამოეგზავნა საინჟინრო დანაყოფი ხიდის დასანაღმად. თავისთავად ავუხსენი არსებული ვითარება, რომ იყო საშიშროება აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი  რაც შეცვლიდა ვითარებას. მხედველობაში მაქვს ყბადაღებული თრუსოს ხეობის თემა და მთლიანად ყაზბეგის რაიონისაც.

გენერალმა ბიწაძემ მალევე მოავლინა აღნიშნული ჯგუფი. მათ უმოკლეს ვადაში შეასრულეს დავალება.  საინჟინრო ჯგუფის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი მერაბ ბეკოშვილი იყო. ის გვერდიდან არ მოგვცილებია. მისი დამსახურებაა, რომ რუსებს ეს ხიდი ომის შემდეგაც დანაღმული ეგონათ. ჯგუფის წევრები სოფელ სნოში ცხოვრობდნენ. მათ კონსპირაციისათვის არქეოლოგებს ვეძახდით.

მინდა დავიჯერო რომ ჩვენმა ავანტიურამ და მოღალატეების მიტანილმა ამბავმა რუსები დაარწმუნა, რომ ჩვენ სერიოზულად ვემზადებოდით და ისეთივე წინააღმდეგობას გავუწევდით, რაც 58-ე არმის დახვდა როკის გვირაბთან. არადა ვინ ვიყავით, სულ რამდენიმე კაცი. გვეხმარებოდნენ ჯარისკაცებიც. შეიძლება ვინმეს გვარი გამომრჩეს და ამიტომ არავის დავასახელებ. მადლობა უფალს, რომ მესაზღვრეებმა თავი არ შევირცხვინეთ და დარიალის დაუმარცხებელი ტრადიცია არ დაირღვა.

თაიმერი

ექსკლუზივი

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები
შემდეგი სტატიასამთავრობო ექიმები ტელევიზორში არიან გამოკერებული და ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ