ექს-პრემიერის ძმისთვის, სასამართლოს მიერ ექსპერტ ლევან ჩაჩუას გამართლება მეათეხარისხოვანია

goglaგარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ მისთვის სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ექსპერტის ლევან ჩაჩუას გამართლება, მეათეხარისხოვანია.
გოგლა ჟვანიას თქმით, მედიაში საქმესთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციები ხდება, რადგან ეს არ არის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება.

“ეს ეხება კონკრეტულად ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიერ თავისი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას, რასაც პროკურატურა ედავებოდა. ეს მდგომარეობდა იმაში, რომ მან ისე დაწერა საექსპერტო დასკვნა, რომ კონკრეტულად ზურას ცხედარი არ დაუთვალიერებია. ზედაპირულად მოეკიდა ამ საკითხს”, – განუცხადა ჟვანიამ “პირველს”.

რატომ ვერ მოახერხა ექსპერტმა პროკურატურისთვის ამის დასაბუთება, ამაზე გოგლა ჟვანიას პასუხი არ აქვს.
“ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, დადგინდეს ზურას სიკვდილის გარემოებები და დადგინდეს და დასრულდეს ის გამოძიება, რომელიც ამდენი ხანია პროკურატურაში მიმდინარეობს. ბუნებრივია, ჩაჩუას საქმესთან დაკავშირებით, არანაირ რეაგირებას არ ვაპირებ”, – აღნიშნა გარდაცვლილი პრემიერის ძმამ.

“პროკურატურიდან საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ყოველდღე ვიღებ. მეც მქონდა მოლოდინი, პროკურატურასაც, რომ საქმე მალე გაიხსნებოდა. მოლოდინი საქმეში აღმოჩენილ ახალ მნიშნელოვან მტკიცებულებებს ეფუძნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, საკმარისი არ აღმოჩნდა საქმის გამოძიების დასრულებისთვის”, – განუცხადა “პირველს” გარდაცვლილი პრემიერის ძმამ.

გოგლა ჟვანიამ გამოძიების შემაფერხებელ გარემოებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზეზი უცხოელი ექსპერტების მიერ საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარის თქმაა.

“ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ძალიან ზოგადი რომ არ იყოს ჩემი პასუხები. გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე, მასში არის ჩართული უცხოელი ექსპერტები. საქართველოში ზოგადად, მიჩვეულები ვართ, რომ რაღაცას რომ აკეთებ, სწრაფად უნდა გავაკეთოთ. უცხოელ საექსპერტო ჯგუფებთან კი ასეთი თანამშრომლობა შეიძლება რამდენიმე თვეც კი გარძელდეს. ამ ყველაფრის შემდეგ კი უცებ შეიძლება უარიც კი გითხრან და სამწუხაროდ, ყოფილა ასეთი შემთხვევები, რადგან ხედავენ, რომ პოლიტიკურად მაღალი ინტერესის მატარებელი საქმეა, შესაძლოა სკანდალური საქმეც გახდეს და რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც უარი განაცხადეს საქმეში ჩართვაზე”, – აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.

 

ზურაბ ჟვანია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში იყო, 2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას საბურთალოს 53-ში მდებარე ბინაში, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუფოვთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპვის ოფიციალურ მიზეზად მხუთავი აირით მოწამვლა დასახელდა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

წყარო 

banner
წინა სტატიაშიფიდელ კასტრო სანტიაგო-დე-კუბას სასაფლაზე დაკრძალეს
შემდეგი სტატიაჭიათურის მაღაროში მომხდარ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა