ექიმთა ასოციაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ქვეყნების მთავრობებს, ევროსაბჭოსა და აშშ-ს კონგრესს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერილით მიმართავენ

საქართველოს ექიმთა დარგობრივი ასოციაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, მათ დიპლომატიურ კორპუსს და ევროსაბჭოსა და აშშ-ს კონგრესს ოფიციალური წერილით მიმართავენ.

როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნულ წერილში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება მოძრაობის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება, მძიმე ნევროლოგიური სინდრომთა ერთობლიობა და მუდმივი ტკივილის სინდრომი. ასევე, 50 დღიანი პოლიტიკური შიმშილობის შემდგომ მას დასმული აქვს ვერნიკეს ენციფალოპათიის დიაგნოზი.

მათი მთავარი მოთხოვნაა საერთაშორისო აქტორებმა გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლებაზე მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტი, „რათა წერტილი დაესვას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არა ადამიანურ მოპყრობას და მიეცეს საშუალება შესაბამისი მკურნალობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიიღოს“.

„უაღრესი შეშფოთებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესულად მძიმდება. მას აღენიშნება მოძრაობის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება, მძიმე ნევროლოგიური სინდრომთა ერთობლიობა და მუდმივი ტკივილის სინდრომი. მიხეილ სააკაშვილს 50 დღიანი პოლიტიკური შიმშილობის შემდგომ რამდენიმე კომპეტენტური კომისიის მიერ დასმულია ვერნიკეს ენციფალოპათიის დიაგნოზი და მიუხედავად ამისა, არც ერთ ეტაპზე არ ჩატარებია სათანადო მკურნალობა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ვერ მოხერხდა შესაბამისი აპარატით მესამე პრეზიდენტისთვის მაგნიტურ რეზონანსული კვლევის ჩატარება, რომელიც ექიმებს საშუალებას მისცემდა დაეზუსტებინათ დიაგნოზი, განესაზღვართ თავის ტვინის დაზიანების ხარისხი. ეს ყოველივე აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური პატიმარი სააკაშვილი წინასწარი განზრახვით ვერ იღებს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, მისი შემდგომი ინვალიდიზაციის და შრომის უნარიანობის მკვეთრი დაქვეითების მიზნით.

პრეზიდენტ სააკაშვილს გადაუდებლად ესაჭიროება მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის კურსის ჩატარება დასავლეთის პროფილურ კლინიკაში. მცირედი დაყოვნეაც კი შეიძლება საბედისწერო გახდეს მისი სიცოცხლისთვის.

უმორჩილესად გთხოვთ გამოიყენოთ საქართველოს ხელისუფლებაზე თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლობერკეტი, რათა წერტილი დაესვას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არა ადამიანურ მოპყრობას და მიეცეს საშუალება მიიღოს შესაბამისი მკურნალობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ“, – ნათქვამია ოფიციალურ მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის დიდი მეგობარი კიევშია – მადლობა სოლიდარობისთვის – ზელენსკი
შემდეგი სტატიამშვიდობიანი მოქალაქეების მცირე ჯგუფმა მარიუპოლის დატოვება შეძლო – Reuters