ექიმის განცხადებით, კლინიკა მსახიობ რეზი ნასიძეს სასამართლო პროცესზე დასწრების რეკომენდაციას არ აძლევს

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, რეზი ნასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში, საბოლოო კვლევების შემდეგ, მას საავადმყოფოდან გაწერენ. აღნიშნულის შესახებ აკედემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა, კახაბერ იშხნელმა განაცხადა.

“პაციენტის მკურნალობის პროცესში დადებითი დინამიკა აღინიშნება. უკეთესობისკენ არის, მკურნალობა გასაგრძელებელი იქნება ამბულატორიულ რეჟიმში. დაველოდებით სტაციონარული მკურნალობის ჩამთავრებას. სავარაუდოდ, ორ დღეში ჩამთავრდება მკურნალობის სტაციონარული ეტაპი”, – აცხადებს იშხნელი.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ნასიძე დღეს სასამართლოში გამოცხადებას, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ, ექიმი პასუხობს, რომ ეს მის სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა, ამის რეკომენდაციას კლინიკიდან არ აძლევენ.

“მისი სურვილის შემთხვევაში ალბათ, შეძლებს, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია სტაციონარიზაციასთან დაკავშირებით, დღეს და ხვალ ძალაშია. საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად კიდევ გვჭირდება განმეორებითი კვლევების ჩატარება, რომლის საფუძველზეც მოხდება მისი გაწერა კლინიკიდან”, -აცხადებს იშხნელი.

მისივე განმარტებით, მსახიობი მათ კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობს.

“პაციენტი ჩვენს კლინიკაში ამა წლის 6 რიცხვში შემოვიდა. ჩატარებული კლინიკო-რენდგენოლოგიური და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე, დადგინდა პნევმონიის დიაგნოზი, რომლის საფუძველზეც, შესაბამისი დანიშნულებით, სტაციონარიზაციის ჩვენებით მოთავსდა ჩვენს სტაციონალში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას”, – დასძენს ექიმი.

მსახიობ რეზი ნასიძეს ექიმის ცემაში ადანაშაულებენ. მას ბრალი გუშინ წაუყენეს, დღეს კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიისრაელში ქართველი მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიათბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს