ექიმი ნინო გოგორიშვილი – 2020 წელს სააკაშვილმა გადაიტანა კოვიდი, ძილის პრობლემების გამო დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული პრეპარატები, ყველა დოზა იყო მინიმალური და დასაშვები

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ 2020 წელს სააკაშვილმა გადაიტანა კოვიდი, ძილის პრობლემების გამო დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული პრეპარატები. ექიმის თქმით, მის მიერ მიღებული მედიკამენტების დოზები იყო მინიმალური და დასაშვები.

ამის შესახებ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა მედიას გორის ჰოსპიტალთან განუცხადა. ექიმმა კომენტარი გააკეთა ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანის დღევანდელ განცხადებაზე, რომლის თქმითაც, „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.

„როგორც წინა დღეებში, ვიმეორებ, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს თქვენ მოისმინეთ ბევრი ადამიანის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ზოგი ემოციებზე დაყრდნობილი, ზოგი თავისი მოსაზრებით გამოთქმული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამჟამინდელი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

რაც შეეხება მის მკურნალობას, ჩვენს ჰოსპიტალში მიყვანის პირველი დღიდან ჩვენთან ერთად მუშაობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისია, რომელიც შედგება მაღალი კლასის სპეციალისტებით. ისინი აღიარებული არიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ყველა მედიკამენტი, რომელიც ინიშნება, ყველა გადის საკმაოდ ძლიერ წნეხს, რომ არ იყოს გვერდითი მოვლენა, არ ავნოს ჯანმრთელობას სხვა კუთხით.

რაც შეეხება ფსიქოტროპულ პრეპარატებს, რაც დღეს მუსირებს ტელევიზიით, 2020 წელს ბატონმა მიხეილმა გადაიტანა კოვიდი და ჰქონდა გარკვეული პრობლემები ძილის, ჰქონდა დანიშნული გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები. ამ შემთხვევაში, საბაზისოდ იყო აღებული ის პრეპარატები, რომელსაც ის ღებულობდა. შემდგომ მკურნალობის პერიოდში, დაკვირვების შემდეგ, განიცადა ტრანსფორმაცია. დღესდღეობითაც რჩება ეს ძილის პრობლემა, მაგრამ ვუმკლავდებით ამას.

თუ რამე დაგვჭირდება მომავალში, იმასაც გავივლით სპეციალისტებთან ერთად და შევიტანთ კორექტირებას. დოზირება არც ერთხელ არ იყო გადამეტებული. ყველა დოზა იყო მინიმალური, მინიმალური დასაშვები დოზა. მაღალ დოზაზე არ იყო ლაპარაკი არც ერთხელ და არც მიუღია. გარდა ამისა, დავამატებ, თუ დასჭირდება კორექტირება, დასჭირდება სხვა სპეციალისტის მოწვევა, ამასაც გავაკეთებთ. რომელიმე სპეციალისტს თუ აქვს საღი აზრი და შეუძლია, მოგვაწოდოს თავისი აზრი, მაგრამ არა ეკრანიდან და ტელევიზიით, მობრძანდეს, გაგვიზიაროს. ჩვენ ამასაც განვიხილავთ და მისაღები თუ იქნება, გავითვალისწინებთ. პრეპარატს რაც შეეხება, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. შეჯერება მოხდა მარიამ ჯიშკარიანის კომისიის და სახელმწიფო კომისიის შორის და ეს პრეპარატები ახლა ისე ინიშნება. ყველა კომისიის აზრი გათვალისწინებულია და შეჯერებულია. ჯიშკარიანის განცხადებები, ეს მისი მოსაზრებაა და არა ჩვენი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა.

წინა სტატიაშიეპიდვითარება საქართველოში-გარდაიცვალა 46 ადამიანი
შემდეგი სტატიათამუნა აქსანდერის ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ კლუბი დღეს, 5 დეკემბერს მომსწრეთა გარეშე დალუქა