ექიმების მსვლელობა რესპუბლიკური საავადმყოფოს გადასარჩენად

თეთრხალათიანები რესპუბლიკური საავადმყოფოს გადასარჩენად – ექიმებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. მედიკოსები რუსთაველის მეტროდან პარლამენტამდე ფეხით ჩავიდნენ და “ოცნების” ხელისუფლებისგან კლინიკის ნგრევაზე უარის თქმა მოითხოვეს.

მედიკოსები ჯანდაცვის მინისტრს კლინიკის მიზანმიმართულ დემონტაჟში ადანაშაულებენ. ისინი “პირველებთან” ამბობენ, რომ ზედიზედ შეცვლილმა ოთხმა დირექტორმა, შემოსავლიანი განყოფილებების დახურვამ და გარემონტებული ნაწილის არ გახსნამ რესპუბლიკურის გაკოტრება გამოიწვია, რამაც დედაქალაქის მთავარი საავადმყოფოს ნგრევის საფუძველი შექმნა.

რესპუბლიკური სპეციალურად გადაიყვანეს ისეთ რეჟიმში, რომ ყოფილიყო წამგებიანი საავადმყოფო. გააუქმეს ძალიან ბევრი სერვისი, მათ შორის, ისეთები როგორიც არის, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, თვალი, რომლებიც საკმაოდ შემოსავლიანი დარგები იყო. ამ სერვისების გაუქმების შემდეგ უკვე დაიწყო მიზანმიმართულად დახურვა იმ განყოფილებები, რომლებიც კოვიდის დროს ფუნქციონირებდა, რადგან ხელი შეშლოდა საავადმყოფოს მუშაობაში, ფუნქციონირებაში და ადვილად ეთქვათ, რომ რესპუბლიკური არის წამგებიანი კლინიკა და ამიტომ დახურვის ერთ-ერთი მიზეზი ეს უნდა ყოფილიყო”, – ამბობს მედიკოსი.

თეთრხალათიანები ჯანდაცვის მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ექიმები იქამდე არ გაჩერდებიან, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

სამინისტრო აცხადებს, რომ ბევრმა ხელი მოაწერა. არავის არ მოუწერია ხელი, არც ერთ ექიმს, არ დაიჯეროთ. ვართ ერთად და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ გაუგებარ მთავრობას, გაუგებარ ჯანდაცვის მინისტრს მოვუწოდებ, რომ გადადგეს. დიახაც, დროზე გადადგეს. ამდენი ტყუილები შეიძლება?!” – თქვა რესპუბლიკურის თანამშრომელმა.

ამ დროისთვის მსვლელობა დასრულებულია, თუმცა აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ ზურაბ აზარაშვილი საკუთარ გადაწყვეტილებას უკან არ წაიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ექიმების პროტესტმა სხვა, შედარებით მძიმე ფორმებიც მიიღოს.

banner
წინა სტატიაშიცრუ შეტყობინება თვითმფრინავში ასაფეთქებლის არსებობაზე
შემდეგი სტატიაქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა