ექიმების გაფრთხილებაა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება – Euronews

ექიმების გაფრთხილების თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, თუ სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარდება – წერს Euronews-ი თავის სტატიაში.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პატიმრობაზე პროტესტის ნიშნად, ბოლო თვეების განმავლობაში ორჯერ შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა.

“54 წლის პრეზიდენტმა უარი თქვა ჭამაზე ჯერ 50 დღის განმავლობაში, შემდეგ კი 20 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ეს მას შემდეგ, რაც ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის გაასამართლეს. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.

პარასკევს, დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფმა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში გასინჯეს, განაცხადეს, რომ მას მძიმე ნევროლოგიური აშლილობა, ასევე, ანორექსია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს.

ექიმების მოწოდებაა, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საავადმყოფოში, სადაც ის “სტრეს ფაქტორების” ქვეშ აღარ იქნება. ექიმების გაფრთხილებაა, რომ ყოფილ პრეზიდენტს სხვაგვარად შეიძლება, განუვითარდეს ნევროლოგიური გართულებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ორგანოს დისფუნქცია და “ფატალურ შედეგამდე” მიიყვანოს.

საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით უარყოფს სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შემაშფოთებელ მდგომარეობას, რომელზეც ექიმები და მისი მხარდამჭერები ღიად საუბრობენ. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილი “არ არის კმაყოფილი მისი ცხოვრების დონის გაუარესებით, მას შემდეგ, რაც ციხეშია”.

“მან მხოლოდ კვერცხი და ხაჭო უნდა ჭამოს და ყველაფერი კარგად იქნება”, – აღნიშნა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო 2004 წლიდან 2013 წლამდე, 2021 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს, როდესაც წლების განმავლობაში ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა.

მისმა დაპატიმრებამ გაამწვავა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, რომელმა ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ეს არჩევნები მმართველმა პარტიამ ოპოზიციის მიერ, გაყალბების შესახებ წამოყენებული ბრალდებების ფონზე მოიგო.

სააკაშვილმა ბოლო შიმშილობა მარტში დაასრულა და განაცხადა, რომ ის და მისი მხარდამჭერები მზად იყვნენ ეს გაეკეთებინათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.

საქართველოს, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, ასევე, აქვს ამბიციები, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, ამასთან აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საქართველო რუსეთის სამხედრო შეტევის მსხვერპლი გახდა.” – ნათქვამია “ევრონიუსის” სატატიაში.

banner
წინა სტატიაშინატო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში საპოლიციო ღონისძიების შედეგად 2 პირი დააკავა