ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა საკვირაო ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევაზე და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ის მხარს დაუჭერს, იმას ვისაც სინოდი გამოარჩევს.
“…ისინიც, ვინც ეკლესიის მიმართ კრიტიკით იყვნენ განწყობილები, პატივისცემას გამოხატავდნენ მისი უწმინდესობის მიმართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვიტყვი, და დასამალიც არ არის – ამიტომაც არის დღეს ვნებათაღელვა და მღელვარება ადამიანების, ვინ იქნება ის, ვინც გააგრძელებს იმ დიდი პატრიარქების გზას, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ღვთის ერთგულებას, სამშობლოსადმი სიყვარულს და ადამიანებისადმი სიყვარულს. […] ვევედროთ ღმერთს, რომ ღმერთმა გამოაჩინოს ნება მისი და დაე, იყოს ის ადამიანი, ვინც გააგრძელებს იმ დიდ საქმეს, მწყემსმთავრობას, რომელიც მოციქულებიდან იწყება და გრძელდება. […] მინდა, გითხრათ – არ აჰყვეთ ზოგიერთი ადამიანის იმ ფიცს, თითქოს არც ის არის სწორი, პატრიარქობა მემკვიდრეობით არ გადადის, არამედ არის არჩევნები და არჩევითი. და სწორედ ეს არჩევნები, სინოდის წევრები გადაწყვეტენ, თუ ვინ იყოს მომავალი პატრიარქი.
[სინოდი] ნამდვილად დიდი გამოწვევის წინაშე იქნება. ისეთი პატრიარქის, როგორიც ჩვენი უწმინდესი იყო, იმის მერე ახალი პატრიარქი ყოველთვის იქნება, რა თქმა უნდა, მათ შორის შედარების და კრიტიკის [ობიექტი]… თუ როგორი იქნება, როგორ გააერთიანებს ხალხს, როგორ ექნება ერთობა ყველა ადამიანთან და ყველაზე მეტად მათთან, ვისაც აკრიტიკებენ, ვინც დაწუნებულია ერისგან. […] ჩვენი პატრიარქი აერთიანებდა პოზიციასაც, ოპოზიციასაც, სხვადასხვა მათ შორის რელიგიების წარმომადგენლებს საქართველოში. ამიტომაც, ისინი აღიქვამდნენ და თვლიდნენ, რომ არამარტო ქრისტიანებისთვის, არამედ კავკასიაში იყო სულიერი ლიდერი ჩვენი პატრიარქი. ამიტომაც, მომავალში ეს გზა უნდა გააგრძელოს ახალმა პატრიარქმა. […] ჟურნალისტმა დამისვა ასეთი შეკითხვა, მხარს თუ დაუჭერთ ახალ პატრიარქსო. ხალხნო, გეტყვით, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია, ჩვენ არ ვართ პოზიცია და ოპოზიცია.
ეკლესიაში არის იერარქია. რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ, იმას ვისაც სინოდი გამოარჩევს, ჩვენი მოვალეობაა, რომ დავემორჩილოთ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას და პატრიარქი, რომელიც დადგება, ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, ვიქნებით მის სიყვარულში და ეკლესიის აღმშენებლობაში ერთად. ვინც არ უნდა იყოს ის, ნებისმიერი მათგანი იქნება ღირსეული, რადგანაც წმინდა სინოდი აარჩევს იმას და ღმერთი გამოავლენს საკუთარ ნებას. ჩვენ ამის გვჯერა. ჩვენ ამის გვწამს…”,- თქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა საკვირაო ქადაგებისას
3 აპრილს გამართული სინოდის სხდომის დადგენილებით, პატრიარქობის სამ კანდიდატს 24 აპრილს სინოდის სხდომაზე დაასახელებენ. ამის შემდეგ სამების საპატრიარქო ტაძარში შედგება გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. პატრიარქის არჩევისას ხმის დამთვლელ კომისიას მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს.















