ეპისკოპოსი მელქისედეკი: მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს შევთხოვ, რომ მოანიჭოს მშვიდობა, სიმტკიცე და თავისუფლება სრულიად საქართველოს!

ეპისკოპოსი მელქისედეკი: მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს შევთხოვ, რომ მოანიჭოს მშვიდობა, სიმტკიცე და თავისუფლება სრულიად საქართველოს!

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) სიტყვა 26 მაისთან დაკავშირებით

,,ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ; ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ“ (გალ. 4:7).
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,
აღდგმიდან ამაღლებამდე მართლმადიდებელი მოწმუნეები ერთმანეთს ,,ქრისტე აღსდგათი“ ვესალმებით. ქრისტესი, რომელიც მოკვდა და აღსდგა. დღესაც ამგვარად მოგესალმებით და გაგახსენებთ ნოე ჟორდანიას იმ სიტყვებს, რომლითაც მან 1918 წლის 26 მაისს, მთავრობის სასახლის დარბაზში შეკრებილ ეროვნული საბჭოს გაფართოებულ სხდომას მიმართა: „მოქალაქენო, აქ თქვენ დღეს მოწმენი იყავით ერთ ისტორიულ ამბისა: დღეს ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა ამავე დარბაზში უნდა იშვას მეორე სახელმწიფო. ამ ორ სახელმწიფოთა შორის არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო რაიმე ინტერესთა სხვა და სხვაობა და თუ მოკვდა პირველი სახელმწიფო, ამ სიკვდილის მიზეზი არის არა ის სახელმწიფო, რომელიც დღეს დგება, არამედ ის, რომელიც დღეს არ დგება.“
სამწუხაროდ, დამოუკიდებლობით ტკბობა დიდხანს ვერ მოვახერხეთ და დამპყრობელმა ეს ბედნიერება წაგვართვა, თუმცა დროებით. 1991 წელს ჩვენ ჩვენი კუთვნილი დამოუკიდებლობა სისხლის ფასად აღვიდგინეთ.
საზოგადოების ცალკეული წევრები ხშირად ნიჰილისტურად გვეკთხებიან ხოლმე ,,თუ რა მოგვცა დამოუკიდებლობამ.“ ეს მიდგომა არასახელმწიფოებრივი და არაქრისტიანულია. თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი თავად წარმოადგენენ ისეთ ღირებულებას, იდეასა და სათნოებას, რომ მათ მოსაპოვებლად გაწეულმა ღვაწლმა შეუძლებელია ამაოდ ჩაიაროს.
პავლე მოციქული თავისუფლების იდეის შესახებ მრავალმნიშვნელოვნად შეგვაგონებს: ,,თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს“ (გალ. 5: 13). ალბათ ღირს კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ ამ სიტყვებს და დავფიქრდეთ თუ რამდენად მართებულად ვასრულებთ მათ.
ამ დღეს, განსაკუთრებული დარდითა და ტკივილით მახსენდება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და მავთულხლართებს მიღმა მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერიტორიული ოკუპაციის გარდა გულისა და გონების ოკუპაციაც არსებობს. შეუძლებელია გამყოფ ხაზთან გავლებული მავთულხლართები ავხსნათ მანამ, სანამ ჩვენს გონებასა და გულს არ გავანთავისუფლებთ, არ გავიაზრებთ დამოუკიდებლობის არსს და ერთხელ და სამუდამოდ არ განვაცხადებთ: ,,ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს.“
ბევრის სისხლი დაღვრილა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. უფალს ვთხოვ, რომ მშვიდობით განუსვენოს თითოეული მათგანის სულს და დაამკვიდროს ისინი მართალთა განსასვენებელში.
კიდევ ერთხელ მოგილოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს! ჯოჯოხეთის კლიტეთა შემმუსვრელ და მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს შევთხოვ, რომ მოანიჭოს მშვიდობა, სიმტკიცე და თავისუფლება სრულიად საქართველოს!
თქვენთვის მლოცველი,
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი
მელქისედეკი”.

banner
წინა სტატიაშინოდია: ამ ჰესის მოწინააღმდეგეები უშვებენ, რომ ვინც ჰესის აშენებას ემხრობიან, აგრეთვე პატრიოტები იყვნენ?!
შემდეგი სტატიადამოუკიდებლობის დღეს, ლევან ვასაძე მოსკოვში ალექსანდრე დუგინს ხვდება