მეუფე მელქისედეკი აშშ-ს მადლობას უცხადებს ლუგარის ლაბორატორიის აშენებისთვის

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ვაკვირდები ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, მედიკოსების თავდადებას, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თავგანწირვას, ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებას, უბრალო ადამიანების მიერ გამოჩენილ მზრუნველობას და პავლე მოციქულის სიტყვები მახსენდება: ,,რაჟამს მოვუძლურდე, მაშინ განვძლიერდები” (2 კორინთ. 12:10). ხანდახან დიდი განსაცდელი ეშვება ხოლმე, რომ უფრო მეტად განვმტკიცდეთ, შევიყვაროთ და დავეხმაროთ ერთმანეთს. კორონა ვირუსიც ამგვარი განსაცდელია, რომელსაც აუცილებლად დავძლევთ. როგორც გავიგე დღეს მეორე პაციენტიც განკურნებულა მისგან. მადლობა უფალს და ექიმებს ყველაფრისათვის. თუმცა თქვენი ყურადღება ოდნავ სხვა კუთხითაც მსურს რომ მივმართო – ლუგარის ლაბორატორიისკენ. მოგეხსენებათ, რომ იგი 2011 წელს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს – თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით აშენდა და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სენატორის- რიჩარდ ლუგარის სახელს ატარებს. კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ 2011 წლამდე (სანამ ოფიციალურად გაიხსნებოდა) და შემდეგ, თუ რამხელა საინფორმაციო ომის გადატანა მოგვიწია შინაური თუ გარეული ავისმოსურნეებისაგან, იმ ხალხისგან, რომელთა ერთადერთი საზრუნავიც საქართველოსა და ქართველების დაზიანებაა. ამ ადამიანებმა კარგად იცოდნენ, თუ რამხელა ამაგის გაწევა შეეძლო ამ ლაბორატორიას კრიტიკულ შემთხვევებში და მაქსიმალურად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მისი ფუნქციონირებისთვის. მადლობა უფალს ეს არ გამოუვიდათ. ჩემი უცხოელი მეგობრები, რომლებიც ევროკავშირისა თუ სხვა განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ, გაოცებას ვერ მალავენ, როდესაც იმ რთულ და მოკლე დროში განხორციელებული საქმეების შესახებ ვუყვები, რასაც ლუგარის ლაბორატორია აკეთებს. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ საშვილიშვილო საქმის განხორციელებაში იყო ჩართული, განსაკუთრებით კი ჩვენს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს US Embassy Tbilisi, Georgia, რომელიც ათწლეულებია სრულიად უსასყიდლოდ ამ და სხვა სფროებში, განუზომლად გვეხმარება. ჩემთვის, ადამიანისათვის რომელმაც არაერთი წელი გაატარა უცხოეთში, განსაკუთრებით მგრძნობიარეა ემიგრანტების თემა, იმ ხალხისა, რომელსაც კორონა ვირუსისგან გამოწვეული განსაცდელის გადალახვა, მშობლიური მიწიდან შორს, საერთოდ განსხვავებულ საზოგადოებასა და კულტურაში უწევთ. უფალს ვთხოვ რომ განსაკუთრებულად გააძლიეროს ისინი და უვნებლად დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანასა და ოჯახებს.ბევრი განსაცდელი გადაგვიტანია და ამასაც აუცილებლად დავძლევთ, მთავარია არ დავკარგოთ უფლის იმედი, გვიყვარდეს ერთმანეთი და დავუჯეროთ პროფესიონალებს.

 

თქვენთვის მლოცველი- ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსით დაავადებული მესამე პაციენტის პირველ ტესტს უარყოფითი შედეგი აქვს
შემდეგი სტატიაბათუმში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა