12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ეპისკოპოსი გიორგი ჯანმდელიანი: პენიტენციურში სავარაუდო ძალადობის ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯანმდელიანი) პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს.

სასულიერო პირის განცხადებით, გავრცელებული ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან პატიმრობა ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვას არ ნიშნავს.

ეპისკოპოსის თქმით, თითოეული ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, ხოლო ნებისმიერ პირს, მათ შორის თავისუფლებააღკვეთილს, აქვს უფლება დაცული იყოს ძალადობის, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობისგან:

„სახარებაში ქრისტე მაცხოვარი ბრძანებს: „საპყრობილესა ვიყავ, და მოხვედით ჩემდა“ (მათე 25:36). ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს! თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, საქმე გვექნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან და შესაბამისმა პირებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი. არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, არ აქვს უფლება გადააბიჯოს ადამიანის ღირსებას“, — აცხადებს მეუფე გიორგი.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროცესში მთავარი სიმართლის დადგენა და დაზარალებულის უფლებების დაცვა უნდა იყოს.

„მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება! ამ საქმეში მთავარი უნდა იყოს სიმართლის დადგენა და დაზარალებული ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა ყოველგვარი ზეწოლის, დამალვის ან ანგარიშსწორების გარეშე. 2012 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ძალადობის უგულებელყოფას ან დამალვას!“ — წერს ეპისკოპოსი.

banner
წინა სტატიაშისოფო ხორგუანი “ოცნებაზე”: მივიღეთ მახინჯი კარიკატურა იმისა, რასაც 2012 წელს გვპირდებოდნენ
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე: პატიმრის განცხადების დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთელ ხელისუფლებას ეკისრება