10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი: ალოგიკური იქნებოდა პატრიარქის ანდერძი არსებობდეს, რადგან 9 წლის წინ მან დაასახელა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში პატრიარქის ანდერძზე საუბრისას განაცხადა, რომ ალოგიკური იქნებოდა ანდერძი არსებობდეს, რადგან მისმა უწმინდესობამ სიცოცხლეშივე გააცხადა და 9 წლის წინ დაასახელა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო.

მეუფე გიორგის თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილეს პატრიარქის ანდერძის საკითხიც, რომლის დროსაც მღდველმთავრებმა დაამოწმეს, რომ სეიფში არ დევს ანდერძი და არანაირი საფუძველი არ გვაქვს იმისა, რომ ამაში ეჭვი შევიტანოთ.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ მისმა უწმინდესობამ 9 წლის წინ დაასახელა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი შიო. ახლა სინოდზე სინოდმა ფაქტობრივად დაამტკიცა მისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეობა. სინოდის სხდომაზე არ იქნებოდა საუბარი, იყო ანდერძი დატოვებული თუ არა? უხუცესმა მღვდელმთავარმა ამის შესახებ იკითხა. საპატრიარქო სეიფში იდება ხოლმე, თუ ეს ანდერძი არსებობს. ალოგიკური იქნებოდა ანდერძი რომ არსებობდეს იმიტომ, რომ მისმა უწმინდესობამ სიცოცხლეშივე გამოაცხადა. სეიფები სიცოცხლეშივე იქნა დალუქული მისი უწმინდესობის თანდასწრებით და ესწრებოდნენ სინოდის წევრებიც. უხუცესმა მღვდელმთავარმა როცა იკითხა, სეიფში დევს თუ არა ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ სეიფში არ დევს ანდერძი. არანაირი საფუძველი არ გვაქვს იმისა, რომ ამაში ეჭვი შევიტანოთ“, – განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გადაცემაში მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადებასაც გამოეხმაურა კათალიკოს-პატრიარქის პირველივე სხდომაზე წმინდანად შერაცხვის შესახებ და აღნიშნა, რომ „საკითხისადმი უფრო სერიოზული მიდგომა გვმართებს“.

„ჩემს გულში მისი უწმინდესობა ნამდვილად წმინდა ადამიანია, თუმცა საკითხისადმი უფრო სერიოზული მიდგომა გვმართებს და ყველაფერს თავისი წესი გააჩნია. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა მეუფე ნიკოლოზისადმი, საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, ყველას გულში ჩვენი პატრიარქი არის წმინდანთა შორის აღსაყდრებული, ჩვენი მამაა, მისდამი სიყვარული განუზომელია, თუმცა დამერწმუნეთ, საკითხისადმი მის უწმინდესობასაც ასეთი მიდგომა არ გაუხარდებოდა, ეს ჩემი აზრია. ყველაფერს თავისი დრო აქვს და თუ ეს ღვთის განგებულებაში არის მოცემული, ჩვენ ვიქნებით ამის გამტარი“, – განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.

banner
წინა სტატიაშიდანიის გენერალური შტაბის უფროსი: ევროპული ქვეყნები ჯერ სრულად არ არიან მზად ომისთვის
შემდეგი სტატიაგვარამია: ტყვეებით ვაჭრობა არ იქნება, რამდენი პატიმარიც არ უნდა დააგროვონ