ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ 24 საათიან რეჟიმში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას

მე ვარწმუნებ ჩვენ მოსახლეობას, ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ კორონავირუსის ფართოდ გავრცელება მოხდეს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მტავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში დაფიქსირებული ​კორონავირუსის ფაქტი დროულად დაფიქსირდა და კონტაქტების გავრცელება არ მომხდარა.

“ვადასტურებ, რომ 28 იანვრის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო ძალიან კოორდინირებულად მუშაობს. მადლობას ვუცხადებ ყველა ორგანოს, რომელიც ჩვენთან ასე ხარისხიანად და ეფექტურად თანამშრომლობს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ გუშინდელ დღემდე საქართველოში ​კორონავირუსის გავრცელების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა იყო დროულად აღმოჩენილი, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ აღარ მომხდარა შემდგომი კონტაქტების გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში.

გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ არიან ინფიცირებულები. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან ხუთი არის იტალიიდან, ერთი არის იტალიის მოქალაქე და ოთხი ქართველი, ხუთი არის ირანიდან, დანარჩენი არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ამ დროისთვის გვაქვს საკმარისი ადგილები კარანტინში მოქალაქეების მოსათავსებლად, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან, ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილზე.

ჩვენ ვზრუნავთ, რომ მათ შესაფერისი პირობები ჰქონდეთ. მობილიზებულია საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია ბათუმში, ასევე ქუთაისში, არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში. მე ვარწმუნებ ჩვენ მოსახლეობას, ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ კორონავირუსის ფართოდ გავრცელება მოხდეს და შესაბამისად ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ 24 საათიან რეჟიმში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას,” – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიური ინფორმირება დაავალა
შემდეგი სტატიაგლდანის რაიონის რამდენიმე მისამართზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს