ენტონი ბლინკენი – საქართველოს მსგავს ქვეყანას თუ შეუძლია, დააკმაყოფილოს ნატო-ს წევრობის მოთხოვნები, ალიანსის კარი ღიაა

საქართველოს მსგავს ქვეყანას თუ შეუძლია, დააკმაყოფილოს ნატო-ს წევრობის მოთხოვნები და შეუძლია, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, დიახ, კარი ღიაა, – ასე უპასუხა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა, ენტონი ბლინკენმა შეკითხვას – კვლავ ემხრობა თუ არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.

ნატო-ს გაფართოების შესახებ შეკითხვა ენტონი ბლინკენს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე რესპუბლიკელმა სენატორმა რენდი პოლმა დაუსვა.

ბლინკენის განცხადების საპასუხოდ, რენდი პოლმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ში რომ გაწევრიანებულიყო, ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის გათვალისწინებით, ახლა აშშ-ს რუსეთთან ომი ექნებოდა. სენატორმა განაცხადა, რომ არ დაუჭერდა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.

აღნიშნულ მოსაზრებას ბლინკენი არ დაეთანხმა. სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის თქმით, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს მხოლოდ ნატო-ს არაწევრი ქვეყნების წინააღმდეგ აწარმოებს.

„მე საწინააღმდეგოს ვფიქრობ, რაც შეეხება ნატო-ს წევრობას, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს აწარმოებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ვიხილეთ წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ნატო-ში, არ არიან რუსეთის აგრესიის სამიზნეები“, – აღნიშნა ბლინკენმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა