ენტონი ბლინკენი: რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში, დატოვა ძალები მოლდოვაში მისი ხალხისა და მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ, ახლა კი, ახორციელებს მნიშვნელოვანი ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვარზე

რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში, დატოვა ძალები მოლდოვაში მისი ხალხისა და მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ, ახლა კი, ახორციელებს მნიშვნელოვანი ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვარზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ვერ ვკითხულობ, პრეზიდენტ პუტინის აზრებს. ვერ გეტყვით, თუ რას ფიქრობს ის. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მოქმედებები უნდა ეფუძნებოდეს იმას, რასაც ვხედავთ, ასევე ისტორიას. სამწუხაროდ, ტრაგიკულად, უკანასკნელი ისტორიის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა თავისი მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას: შეიჭრა საქართველოში, შეიჭრა უკრაინაში, დატოვა ძალები მოლდოვაში მისი ხალხისა და მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ, ახლა კი ახორციელებს მნიშვნელოვანი ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვარზე. ამგვარად, ჩვენი ქმედებები უნდა ემყარებოდეს ფაქტებს და იმას, რასაც ცხადად ვხედავთ”, – განაცხადა ბლინკენმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს მოქმედების ორი გზა – დიპლომატიური გზა და აგრესიის განახლების გზა, რომლის არჩევის შემთხვევაში, რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, გასულ კვირას გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს რუსეთისთვის რამე შეთავაზებები არ წარუდგენია.

ბლინკენის თქმით, ლავროვთან მისი დაგეგმილი შეხვედრა მიზნად ისახავს იმის გარკვევას, რჩება თუ არა შექმნილ ვითარებაში დიპლომატიისა და დიალოგის შესაძლებლობა.

ბლინკენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი წევრებისთვის ნატო-ს კარის დახურვის საკითხი დასავლეთისთვის არ განიხილება.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნებიდან პარლამენტში 13 მილიონერი დეპუტატია და 2021 წელს 4 მათგანს სხდომებზე მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს, ორმა 2-ჯერ, ხოლო ერთმა 3-ჯერ ჩართო
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს (ვიდეო)