ენტონი ბლინკენი – მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის რეალური პატიმრობის მისჯით და რუსეთის მთავრობას მისი და ასობით სხვა დაკავებულის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, მიუსაჯონ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა და მისთვის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლით. როგორც რუსეთის თითოეული მოქალაქეს, ნავალნის აქვს რუსეთის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და რუსეთს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს თანასწორობას კანონის წინაშე და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე რუსეთის ასობით სხვა მოქალაქე, რომლებიც უკანონოდ დააკავეს ბოლო კვირებში საკუთარი უფლებების გამოყენებისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

როგორც ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ნავალნისთვის 2014 წელს გამოტანილი განაჩენი, რომელიც გახდა ახალი განაჩენის საფუძველი, უკანონო, თვითნებური და პოლიტიკურად მოტივირებულია.

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს აშშ-ის საგარეო უწყება მისი უფლებების დარღვევად და პოლიტიკური პლურალიზმის ჩახშობის მცდელობად აფასებს.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვმუშაობთ რუსეთთან აშშ-ის ინტერესების წინ წასაწევად, მჭიდრო კოორდინაცია გვექნება ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმუხრან ბურჭულაძე: ელისაშვილი იყო უპრინციპობის მაგალითი თუ როგორია ხალხის ღალატის ფასი
შემდეგი სტატიანიკა მელიამ იაგო ხვიჩიას იარაღი აჩუქა video