ენტონი ბლინკენი – ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ განხორციელებულმა შოკისმომგვრელმა აქტმა საფრთხე შეუქმნა 120-ზე მეტ მგზავრს

მინსკში ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაკავებასთან და ამ მიზნით ათენი-ვილნიუსის რეისის შეცვლასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.

„აშშ მკაცრად გმობს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის ფრენის მიმართულების იძულებით შეცვლას და მინსკში ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ განხორციელებულმა ამ შოკისმომგვრელმა აქტმა საფრთხე შეუქმნა 120-ზე მეტ მგზავრს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბლინკენის თქმით, საჭიროა აღნიშნული ინციდენტის სრულყოფილად გამოძიება.

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.

რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ჩვენ ვასრულებთ დაპირებას, ურბანულად სწორად განვითარდეს თბილისი
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი – შეშფოთებული ვარ მინსკში „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით მიღებული ცნობებით