27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ენმ-ში შესვლა არ არის გამორიცხული – “უმრავლესობის” ახალგაზრდა აქტივისტები

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რადიკალური ცვლილებების ფონზე, გადაცემა „უმრავლესობის“ ახალგაზრდა აქტივისტები „ტვ პირველთან“ ადასტურებენ, რომ პარტიასთან პოლიტიკური კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ, თუმცა წინადადება განხილვის ეტაპზეა.

ლუკა ჭოხონელიძე („უმრავლესობის“ წევრი): „მჯერა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში ასპარეზი ახალ თაობას უნდა დაეთმოს. არის მოლაპარაკების რეჟიმი და არაფერს არ გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. სადაც მექნება საშუალება, რომ ძლიერად ვიბრძოლო ამ უსამართლობის წინააღმდეგ, მე ამ პლატფორმას გამოვიყენებ. ჩვენ და ნანუკა ჟორჟოლიანი ერთად ვაკეთებთ იუთუბ-პროექტს და თუ ვის მოიაზრებს მიხეილ სააკაშვილი გუნდში, ამას ალბათ თავად დაასახელებს“.

დავით სეხნიაშვილი (აქტივისტი): „მოლაპარაკების პროცესში ბევრი რამაა და არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენს გუნდში სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანია და ეს ასე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი თუ თავად ნანუკა ჟორჟოლიანი“. (კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა უახლოეს პერიოდში ენმ-ში, სეხნიაშვილი პასუხობს: „არაფერია გამორიცხული“).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეფორმირებისთვის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება. სააკაშვილის თქმით, პარტია სასწრაფოდ უნდა გაიხსნას ახალი ხალხისთვის, შემოიღონ მოქნილობა, დეცენტრალიზაცია და აითვისონ ახალი ტექნოლოგიები.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საბოტაჟის საქმე: 8 პოლიტიკოსის სასამართლო კვირაში ორჯერ გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა