“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო საარჩევნო სიის წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც დაადასტურეს, რომ ისინი უარს ამბობენ პარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნებით მიღებულ მანდატებზე და სხვა პრივილეგიებზე. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავას განცხადებით, მათ ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ცესკოს-ს არ აქვს უფლება მათი საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს, უფლებამოსილების ცნობის მიზნით:
– “ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე. დღეს გვინდა ოფიციალურად, თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იყო “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიაში, ინდივიდუალური წერილით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე პირველი პუნქტის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, პარტიული სიის წევრს, მათ შორის პარლამენტში არჩეულ პირს უფლება აქვს უარი თქვას საჯარო თანამდებობის დაკავებაზე. სახელმწიფო თანამდებობას პირი იკავებს მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით. კონსტიტუციის მითითებული ფორმა გამორიცხავს საჯარო თანამდებობის დაკავებისთვის რაიმე ფორმის იძულებას.
პირი უფლებამოსილია უარი თქვას დეპუტატის მანდატის მოპოვებაზე და ამას ვაკეთებთ ჩვენ დღეს სწორედ აქ, მათ შორის ოფიციალურად დადასტურებული წერილით თითოეული ჩვენგანისგან, რომელიც გადაეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. აღნიშნული უფლება ეფუძნება კონკრეტული პირის თავისუფალი ნების გამოვლენას და გამორიცხავს ცესკოს მხრიდან საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ რეგისტრაციასა და დროებითი მანდატის გაცემას წინამდებარე განმცხადებლის ნაწილში. შესაბამისად, ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, ჩვენ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბამისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელი და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით.
ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება და ჩვენ ამ თავისუფალ ნებას ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, სადაც დარღვეული იყო კონსტიტუციის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ფარულობის სახით და შესაბამისად, არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, სადაც ადგილი ჰქონდა უამრავ სხვა მაქინაციას და მასობრივ დარღვევას, რომლის შედეგებსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო და ჩვენ ეს ვიხილეთ მათ შორის გუშინ, როდესაც საქართველოს ევროპელი მეგობრები იმყოფებოდნენ აქ და მიმართავდნენ ქართველ ხალხს, რომელსაც არც კი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენელი, რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ, რომ არალეგიტიმურ არჩევნებს არ ექნება აღიარება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, არ ექნება აღიარება ოპოზიციის მხრიდან და ჩვენ ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ ცესკოს არ აქვს უფლება ჩვენი საბუთები გადააგზავნოს პარლამენტში უფლებამოსილების ცნობის მიზნით.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ