“ენმ”: მერიამ სარეზერვო ფონდიდან 6 000 ლარი გადაურიცხა სტუდენტს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია

საკრებულოს ფრაქცია “ენმ” თბილისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მერიამ სარეზერვო ფონდიდან 6 000 ლარი გადაურიცხა სტუდენტს, რომლის ოჯახი არასდროს ყოფილა სოციალურად დაუცველი. ფრაქციის წევრის, თორნიკე ბიკაშვილის განცხადებით, სტუდენტის დედა მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თავად სტუდენტი კი სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.

„მიუხედავად დავით ნარმანიას რეპუტაციისა, მისი მიდრეკილებისა კორუფციასა და თანხების არამიზნობივად ხარჯვასთან დაკავშირებით, პროკურორის შვილის დაფინანსების შემდეგ ალბათ არავინ ელოდა, რომ მერიის სარეზერვო ფონდს იგი კვლავ გამოიყენებდა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. 2016 წლის 12 იანვარს, მერიის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულია 6 000 ლარი თითქოს და სოციალურად დაუცველი სტუდენტის სწავლის საფასურის დასაფარად, რომლის მშობელიც მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თავად სტუდენტი კი როგორც მისი „ფეისბუქიდან“ ირკვევა, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია“ – განაცხადა თორნიკე ბიკაშვილმა.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “ენმ”-ს კიდევ ერთმა წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ:

სამწუხარო რეალობა გვაქვს, როცა ერთი მხრივ, უარს ეუბნებიან სოციალურად დაუცველ ადამიანებს ელემენტარული მედიკამენტების შეძენაზე, ოპერაციების დაფინანსებაზე, მრავალ ათას სტუდენტს, რომელსაც სტატუსი აქვს შეჩერებული უარს ეუბნებიან დახმარებაზე და ამ დროს, მეორე მხრივ, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია თანხა სტუდენტისთვის თითქოს, ის არის სოციალურად დაუცველი. სინამდვილეში კი ამ სტუდენტის ოჯახი არასდროსდ არ ყოფილა სოციალურად დაუცველი“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაშიცინიკური, ბილწი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა პოლიციის მხრიდან – ომბუდსმენი კილაძის შვილის საქმეზე
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – “რუსთავი 2”-ის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, ყურადღებით იყოს, რადგან ხალვაშის წართმეულ ქონებას თვითაალების მიდრეკილება აქვს