ენმ მცირე მეწარმეებისთვის საგადასახდო შეღავათების დაწესებას ითხოვს

„ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარადგინა მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შემცირებას ითვალისწინებს“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, დღეს ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, ვისაც შემოსავალი 100 ათას ლარზე ნაკლები აქვს, არ იხდის დღგ-ს, ხოლო ფრაქციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, ეს ზღვარი 165 ათას ლარამდე იზრდება.

„ეს შეღავათი, რომელიც ვრცელდება ფიზიკურ პირებზე და ინდივიდუალურ მეწარმეებზე, შემოღებული იყო დაახლოებით 15 წლის წინ. ამ დროის განმავლობაში მრავალი რამ შეიცვალა, თითქმის გაორმაგდა ფასები, ლარის კურსი 65%-ით დაეცა და ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ აუცილებლად აღვადგინოთ სტატუსკვო. ეს იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქირავებენ ბინებს ან სხვა სახის უძრავ ქონებას“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1 იანვარი, რაც ვერ მოახდენს რაიმე გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტზე.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებს
შემდეგი სტატიაინტერნეტში სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა