ენმ-მ დოკუმენტები წარადგინა : კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს კალაძის კომპანიამ ფული ჩაურიცხა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ის დოკუმენტები წარუდგინეს, სადაც ასახული, როგორც ურიცხავს კალა კაპიტალი ფულს კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს. ენმ-ს განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“საზოგადოებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ა.წ. წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მიმდინარე გამოტოვებული არჩევნებისას, მთავრობის მიერ ორგანიზებულ მოძალადეთა დანაშაულებრივი ჯგუფი, უშუალოდ საარჩევნო უბანთან, თავს დაესხა პარლამენტის წევრებს, ამომრჩევლებს, ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს, ლიდერებსა და რიგით პოლიციელებს.

აღნიშნული ფაქტიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. ხელისუფლებას ამ ძალადობის დამკვეთის გამოსავლენად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, ხოლო თავად მოძალადეები დღემდე თავისუფლებაში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დანაშაულის შემდეგაც განაგრძობდნენ აგრესიულ მოწოდებებსა და ძალადობის მუქარას.

ჩვენ თავიდანვე წარმოვადგინეთ აღნიშნულ ძალადობრივ ჯგუფთან ვიცე-პრემიერ კახა კალაძის უშუალო კავშირის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი. აღნიშნულს ადასტურებდა, როგორც მოძალადეთა კავშირები ვიცე პრემიერთან და „ქართულ ოცნებასთან“, ისე თავად კალაძის რეაქცია და უშუალოდ მისი განცხადებები კორცხელის ძალადობის შეფასებისას, კერძოდ, იგი ამართლებდა თავდასხმას, ცდილობდა, ძალადობის მსხვერპლი წარმოეჩინა დამნაშავეებად და ხელს აფარებდა თავდამსხმელებს. გარდა ამისა, თითქმის ყველა თავდამსხმელი დაკავშირებულია იმ სპორტ-კლუბთან რომელსაც უშუალოდ მართავს ბ-ნი კალაძის ცოლის ძმა.

დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას წარუდგენს დოკუმენტაციას, რომელიც აღნიშნულ კავშირს უტყუარად ადასტურებს:

რუსული სააქციო საზოგადოება ალფა ბანკის მხრიდან 31 მაისს გაცემული ოფიციალური წერილებისN0978-NRB/017 და N0979-NRB/017 – თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მარია შევჩენკო, ირკვევა, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა დავით ქარსელაძემ, იგივე “კალატოზამ” ალფა ბანკში გახსნა ორი ანგარიში კორცხელში „გამოჩენილი“ ორი მოძალადის ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე.

ერთი დოკუმენტის მიხედვით, თავდასხმამდე 4 დღით ადრე, 2016 წლის 17 მაისს, 16 საათსა და 08 წუთზე, „კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშზე გადაირიცხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დავით ქარსელაძის, იგივე კალატოზასგან 17 საათსა და 54 წუთზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი.

მეორე დოკუმენტის თანახმად, იმავე დღეს, 16 საათსა და 37 წუთზე, “კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” გიორგი გიგაურის ანგარიშზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ დავით ქარსელაძე არის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი – ამჟამად რუსეთის მოქალაქე – რომელიც 2000-იან წლებში საქართველოდან რუსეთში გადაბარგდა. მისი ძმა, ასევე ყოფილი მოჭიდავე, ვასილ ქარსელაძე, კახი კალაძის უშუალო ლობირებით სულ ცოტა ხნის წინ იქნა არჩეული თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად და ასევე მონაწილეობს აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში. წარმოდგენილი დოკუმენტები მიუთითებენ ვიცე პრემიერ კალაძის უშუალო კავშირზე კრიმინალურ სამყაროსთან და აგრეთვე მის სავარაუდო მონაწილეობაზე კორცხელში ორგანიზებული ძალადობის დაკვეთასთან, ანგარებითი მოტივით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გამოძიების იმედი, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, საჭიროდ ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პროკურატურას – დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, დაადგინოს წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობა და კახა კალაძის შესაძლო მონაწილეობა ზემოაღნიშნულ დანაშაულში.”- აცხადებენ ენმ-ში

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება, იყვნენ იმედგაცრუებული ან ნაწყენი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა