ენმ-ის წევრები შიმშილობას ზუგდიდის საკრებულოს დარბაზში გააგრძელებენ

წინააღმდეგობის მიუხედავათ ზუგდიდში მოშიმშილეებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს. მანამდე, დაცვის თანამშრომლები ენმ-ს წევრებს ლეიბების შეტანის საშუალებაა არ აძლევდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

ახლად არჩეული საკრებულოს წევრის მაია კალანდიას თქმით, მათ ფრაქციის ოთახიდან, სხდომათა დარბაზში იმიტომ გადაინაცვლეს, რომ აპროტესტებენ ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაჩქარებას. კალანდია მიიჩნევს, რომ მოქმედ საკრებულოს სასწრაფოდ სურს მიიღოს ბიუჯეტი, რომელიც მისივე თქმით, არა ქალაქის, არამედ “ქართული ოცნების” მხარდამჭერების და აქტივისტების არის.

“ლეიბის გარეშეც დავსხდებოდით, გავაგრძელებდით შიმშილობას, იმიტომ რომ 32 წელია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და რუსეთისგან თავის დაღწევისთვის ვიბრძვი პირადად მე. 88 წლიდან მიმიღია სხვადასხვა შიმშილობების აქციებში მონაწილეობა, ვმჯდარვარ რუსთაველზე წვიმასა და ქარშიც და პოლიციას თუ ჰგონია რომ შემაშინებს პირადად მე, ან ამ ახალგაზრდებს, ან მალხაზ ჯალაღონიას – ძალიან ცდება. ლეიბის ჯაჯგური არის სირცხვილი, მოშიმშილე ადამიანის წინააღმდეგ არ არსებობს მსოფლიოში აქტი, ეს იმდენად დიდ ჰუმანურობას მოითხოვს ყველასგან, პოლიციისგან და რიგითი ადამიანებისგან. პოლიციამ მიხედოს თავის თავს და კუნთებს მოშიმშილე ადამიანებზე ნუ სინჯავს, მოსინჯოს კუნთები იქ სადაც არის მისი ადგილი და საჭიროება მოითხოვს. დაიცვას ადამიანები და არა პირიქით, დაარღვიოს ჩვენი უფლებები”, – თქვა მაია კალანდიამ.

ენმ-ს მტკიცებით შენობასთან კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული 4 წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” და ექიმი მალხაზ ჯალაღონია უკვე მესამე დღე შიმშილობენ. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები – ხელისუფლება სულ უფრო კამპანიურ ფორმას აძლევს ჩვენს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებს
შემდეგი სტატიასაქსტატი – 200-ლარიანი წამახალისებელი ღონისძიების შედეგად ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა