“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ბარამიძე ღიად აკრიტიკებს იდეას, რომლის მიხედვითაც პარტიაში ახლადმისულმა, ნანუკა ჟორჟოლიანის გუნდის წევრებმა მართვის სადავეები უნდა გადაიბარონ. ბარამიძე აღნიშნავს, რომ უცნობ და გამოუცდელ ადამიანებს თვალდახუჭული ვერ ენდობიან და ლიდერობა რიგით ბრძოლაში უნდა დაიმსახურონ.
გია ბარამიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია საუბრები იმის შესახებ, რომ თურმე პარტიის მართვა ვიღაცებმა ასაკის გამო უნდა გადაიბარონ. იგი მიესალმება ნანუკა ჟორჟოლიანის ჩართულობას, თუმცა მის გარშემო მყოფ „ახალგაზრდებთან“ დაკავშირებით კითხვები აქვს.
„ენმ ამანათი არაა, რომ ვინმე უცნობი ან გამოუცდელი ადამიანი მოვიდეს და აი ასე, აიღოს და ამხელა პარტია… თვალდახუჭულები ვენდოთ. ახალგაზრდა ასაკი არც გარანტია და არც თამასუქი არ არის, რომ ვინმე ვინმეს სჯობია…
ძალიან უცნაური და გაუგებარი იყო, როცა მოვისმინეთ, რომ თურმე ენმ-ში ნანუკას გუნდის ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ და პირდაპირ ენმ-ის მართვა „გადაიბარონ”. ცხადია, ეს არასწორია, რადგან როცა რამეს მართავ, იქ ჯერ იმ გუნდის წევრების ნდობა უნდა მოიპოვო“, — აცხადებს ბარამიძე.
ბარამიძემ მაგალითად ის ახალგაზრდა ლიდერები მოიყვანა (ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, იგორ ნარმანია, თათია ნიკოლაიშვილი), რომლებმაც პოზიციები ნულიდან, რიგითი ბრძოლით დაიმსახურეს და აღნიშნა, რომ მათთვის ნდობა ავანსად არავის მიუნიჭებია.















