ენგურის ხიდზე პენსიის ასაღებად გადმოსულ დევნილებს “ლიბერთი ბანკის” მანქანა არ დახვდა

ენგურის ხიდის გახსნის შესახებ სახელმწიფო მინისტრისა და სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც გალის რაიონის ოკუპირებულ სოფლებში ცხოვრობენ, პენსიის მისაღებად ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, მაგრამ პენსიის აღება ვერ შეძლეს, რადგან, წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ენგურის ხიდთან “ლიბერთი” ბანკის სპეციალური მანქანა “ლიბერთი ექსპრესი”, საიდანაც პენსიისთვის განსაზღვრული თანხა გაიცემა, ადგილზე არ დახვდათ.

როგორც “მთავარის” კორესპონდენტი ენგურის ხიდიდან იტყობინება, დაახლოებით 30-დე დევნილი ენგურის ხიდზე, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრით წინასწარი შეთანხმების შემდეგ გადმოვიდნენ.

პენსიის გაცემის პროცესში არსებულმა შეფერხებამ დევნილთა უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ ამ თანხით პროდუქტი და პირველი მოხმარების საქონელი ზუგდიდში უნდა შეეძინათ და გალის რაიონში გადაეტანათ, რისი საშუალებაც არ მიეცათ. მათივე თქმით, ბევრი დევნილისთვის ეს თანხა ერთადერთი საარსებო წყაროა.

“მთავარის” ინფორმაციით, უკან, გალის რაიონის მიმართულებით, პენსიის გარეშე გაბრუნდა კიდევ 40-დე დევნილი, რომლებიც ენგურის ხიდის მეორე მხარეს იმყოფებოდნენ და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მეორე ნაკადად უნდა გადმოსულიყვნენ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად და იმის გასარკვევად, რატომ ვერ გაიცა პენსია “ლიბერთი ბანკის” მიერ, “მთავარი” ბანკის ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც სიტუაციის გარკვევის შემდეგ დაკავშირებას დაგვპირდნენ, თუმცა, ამ დრომდე არავინ დაგვკავშირებია.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – „ქართული ოცნება“ რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ რა უნდა ქნას, ვიცი
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: უბარიერო პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად ერთჯერადად პარლამენტში შესვლა შეცდომა იქნება