ენერგორესურსების გაძვირების ფონზე, ოლაფ შოლცი გერმანიის მოსახლეობას დახმარებას დაპირდა – რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ

თქვენ არასდროს ივლით მარტო, ჩვენ რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ, – ასე მიმართა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქვეყნის მოსახლეობას და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე, მათ დახმარებას დაპირდა.

„ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ერთი მოქალაქე, არც ერთი კომპანია ამ ქვეყანაში. ერთად საკმარისად ძლიერი ვართ, რათა გავუმკლავდეთ ამას და ერთად დავძლევთ პრობლემებს მიმდინარე და მომავალ წლებში“, – განაცხადა შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის კანცლერის მონაცემებით, მომხმარებლებისთვს გაზის საფასურის გაზრდამ შესაძლოა, ოთხსულიანი ოჯახის ხარჯები წელიწადში დაახლოებით 200-300 ევროთი გაზარდოს. ამიტომ მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს.

ამასთან, შოლცის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლებამ გაზის იმპორტიორი კომპანია Uniper-ის დასახმარებლად 15 მილიარდი ევრო გამოყო. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, კომპანია ევროპაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისისა და რუსული გაზის მიწოდების შემცირების შედეგად ფინანსური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა. გარიგების შედეგად, გერმანიის მთავრობა Uniper-ის აქციების 30%-ს შეიძენს; კომპანიის მაჟორიტარი აქციონერი კვლავ ფინური კომპანია Fortum-ი რჩება, თუმცა მისი წილი 80%-დან 56%-მდე შემცირდება. გერმანიის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმება კომპანიას რუსეთიდან მიწოდების შემცირების შედეგად გაზზე გაზრდილ ფასებთან გამკლავებაში დაეხმარება.

banner
წინა სტატიაშისაქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი და თავის განცხადებაში ამაზე მინიშნება არაერთხელ გააკეთა – ვოლსკი
შემდეგი სტატიასაქართველოს დევიზია “ძალა ერთობაშია”. სამწუხაროდ, EU-ის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფები ერთობას არ აჩვენებენ – კრამონი