კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. კომპანიის ცხელ ხაზზე შევიდა რამდენიმე შეტყობინება, რომლის თანახმად, თბილისში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებთან მიდიან პირები, რომლებიც თავს კომპანიის თანამშრომლებად ასაღებენ და პერსონალურ მონაცემებს სძალავენ.
“სს ენერგო-პრო ჯორჯიას ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინებების თანახმად, თბილისის რამდენიმე მისამართზე მოქალაქეებთან მივიდნენ პირები, რომლებიც კომპანიის ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი და აცხადებდნენ, რომ ელექტროენერგიის მრიცხველი მოძველებულია და შეცვლას საჭიროებს.
მოქალაქეების ინფორმაციით, აღნიშნული პირები მათგან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას და პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვდნენ.
სს ენერგო-პრო ჯორჯია აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები კომპანიის მიერ არ ხორციელდება და აბონენტებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების მოთხოვნა მსგავსი ფორმით არ ხდება, ხოლო ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში მოქალაქეებმა ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ ენერგო-პრო ჯორჯიას ცხელ ხაზზე.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადასცენ პირადი მონაცემები უცნობ პირებს და სავარაუდო თაღლითური ქმედებების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ როგორც კომპანიას, ისე სამართალდამცავ ორგანოებს”. – წერს კომპანია.

















