ენერგეტიკის სამინისტრო: “ხუდონჰესის” ინვესტორი მთავრობის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, უკვე ერთი თვეა, მოლაპარაკებები „ხუდონჰესის“ მფლობელ კომპანია “ტრანს ელექტრიკა ლიმიტედთან“ ჰესის 100%-იანი წილის სახელმწიფოს მართვაში გადაცემაზე მიმდინარეობს.

როგორც ხმალაძე აცხადებს, ამ ჰესის სრულად განკარგვასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი არის საზოგადოების კითხვები “ტრანს ელექტრიკას” მისამართით, მათ შორის, წარსულში კომპანიის წილების ოფშორში დაფიქსირება, თუმცა ამ საკითხის დეტალები სამინისტრომ ჯერ კიდევ 2015 წელს ინვესტორთან გაარკვია და კომპანიის ოფშორულ წილებზე სრული ინფორმაცია მიიღო. აქვე მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებას ხელს კერძო ინვესტორის მფლობელობა არ უშლიდა, თუმცა საზოგადოებისთვის სახელმწიფოს ჩართულობა უფრო კომფორტული იქნება.

“ჩვენ არ ვთვლით, რომ რამე ხელს უშლიდა. თქვენ კარგად იცით, რომ საზოგადოების მხრიდან პროექტის მფლობელი კომპანიის მისამართით კითხვები ისმოდა ხოლმე და როგორც იცით, ნდობის ფაქტორი სახელმწიფოს მიმართ საზოგადოებისგან გაცილებით მაღალია, ვიდრე კერძო კომპანიასთან მიმართებით. საზოგადოებას ყოველთვის აქვს იმის შიში, რომ კერძო კომპანია მისი ინტერესების დასაცავად შეიძლება, საზოგადოების ინტერესებს ლახავდეს. რა თქმა უნდა, აქ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის შევასრულებთ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ “ხუდონჰესი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტია, მაღალი სენსიტიურობის მაჩვენებელი აქვს საზოგადოებასთან მიმართებით ამ პროექტს და ვთვლით, რომ უფრო მეტი კომფორტის გაჩენა შეუძლია იმ ფაქტორს, რომ დეველოპერი სახელმწიფო იყოს”, – განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ პროექტს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო განახორციელებს.

რაც შეეხება პროექტის ხარჯებს, ეს ჯერ უცნობია. მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელიც ხელისუფლებას ენერგოსექტორში ვალდებულებების შემცირებას ურჩევს, მთავრობის მიმართ პროექტზე გასაწევი ხარჯების გამო შენიშვნები არ ექნება.

“ხარჯები შეიძლება, გაზარდოს, მაგრამ მის ანაზღაურებას პროექტი საკუთარი შემოსავლებიდან უზრუნველყოფს. ეს შემოსავლიანი პროექტია, რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია უნდა გაიყიდოს ბაზარზე. ეს ჩვეულებრივი ბიზნესპროექტია. აქედან გამომდინარე, ეს არ გაზრდის სახელმწიფოს ფინანსურ პასუხისმგებლობას და ვთვლით, რომ ამ თვალსაზრისით დისკომფორტს არ შექმნის სავალუტო ფონდისთვის”, – მიიჩნევს ირაკლი ხმალაძე.

ასევე უცნობია, რა თანხის გადახდა მოუწევს მთავრობას “ხუდონჰესში” “ტრანს ელექტრიკასთვის”. თანხას აუდიტი დაითვლის. თავად კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ კი “საქმის კურსთან” რანდენიმე თვის წინ საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტორმა პროექტზე 30 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროექტის გამოსყიდვის პირობებზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

“გამოსყიდვის, პროექტის გადმობარების ხელშეკრულება ჯერ ხელმოწერილი არ არის, თუმცა ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები გაიხსნა და უკვე პირობებზე მიმდინარეობს შეთანხმება, იმაზე მეტყველებს, რომ ამას კომპანია საკმაოდ გაგებით მოეკიდა”, – აღნიშნა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ხუდონჰესის“ ინვესტორთან პროექტის გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა. თავის მხრივ, კომპანია “ტრანს ელექტრიკას“ ტექნიკურმა დირექტორმა “საქმის კურსთან” საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობის შეთავაზებას არ იცნობს და მოლაპარაკება მთავრობასა და კომპანიის მფლობელებს შორის მიმდინარეობს. ამასთან, დავით მირცხულავამ აღნიშნა, რომ უამრავი სუბიექტური და ობიექტური მიზეზია, რის გამოც პროექტი გაჩერებულია.

წყარო: BUSINESS MEDIA

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის დაკავების საქმეში ახალი სკანდალური დეტალები გამოიკვეთა
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველოს” საგანგებო განცხადება – პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვს