„ენდიაის“ კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 82 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას – 74 პროცენტი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი ოთხი პროცენტით არის გაზრდილი და 82 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 82 პროცენტი აცხადებს, რომ მისაღებია, ხოლო 10 პროცენტისთვის მიუღებელია, რვა პროცენტმა კი არ იცის.

წინა კვლევის მონაცემებით, რომელიც 2019 წლის ივლისის პერიოდს მოიცავდა, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა მაჩვენებელი 78 პროცენტი იყო, მოწინააღმდეგეთა კი 14 პროცენტი.

რაც შეეხება ნატო-ს, კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 74 პროცენტი აცხადებს, რომ მისაღებია. მიუღებელია 14 პროცენტისთვის, ხოლო 11-მა პროცენტმა არ იცის.

ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

banner
წინა სტატიაშიპროპორციული საარჩევნო სისტემა – „ენდიაის“ გამოკითხულთა 70 პროცენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს
შემდეგი სტატიაშიდა ქართლის პოლიციამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო შენახვა-გავრცელებისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით 1 პირი დააკავა