„ენდიაის“ ყველა კვლევაზე საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება გვაქვს, არჩევნებამდე ვერც ერთხელ სწორი პროგნოზი ვერ გააკეთა, გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ენდიაის“ ყველა კვლევის მიმართ საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

მისი თქმით, „ენდიაიმ“ არჩევნებამდე ვერც ერთხელ სწორი პროგნოზი ვერ გააკეთა.

„მიუხედავად ამისა, გარკვეული ფაქტები ჩვენთვისაც კარგადაა ცნობილი, მაგალითად, პარლამენტის დაბალი რეიტინგი, რომელიც მნიშვნელოვანწილად იმით არის განპირობებული, რომ საზოგადოებამ საერთოდ არ იცის, რა კანონპროექტებზეა საუბარი, რა საკითხები იხილება და ძირითადად პარლამენტი შეფასებულია, როგორც ურთიერთდაპირისპირების არენა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება პარტიებთან დამოკიდებულებას, ვოლსკის თქმით, ცნობილია, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი ძალიან დაბალია, თუმცა ფიქრობს, რომ არსებული პროცენტული მაჩვენებელი ზუსტად არ ასახავს საზოგადოების განწყობებს.

„ჩვენთვისაც ცნობილია, რომ ,,ნაცმოძრაობის“ რეიტინგი ძალიან დაბალია, მითუმეტეს, ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაუჭირდათ, მაგრამ შეფასება, პროცენტები არა მგონია, ზუსტად ის იყოს, რაც ასახავს საზოგადოების განწყობებს და ზოგადად, გამოკითხვა როგორც ასეთი საკმაოდ დისკრედიტირებულია საქართველოში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკის განმარტებით, დადებითად არის შეფასებული საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების დამოკიდებულება იმ საკითხებისადმი, რასაც ჰქვია მწვავე განვითარებისგან, ეკონომიკური პრობლემებისგან ქვეყნის დაცვა.

„ენდიაის“ კვლევასთან დაკავშირებით არ მაქვს პოზიტიური დამოკიდებულება, არც ჩვენ და არც საზოგადოებას, ვინაიდან ვერც ერთხელ ვერ იქნა მისი ციფრები მიახლოებულიც კი იმ რეალობასთან, რაც არჩევნების შემდეგ დადგა. რასაკვირველია, გვაქვს იმის საფუძველი, რომ არ ვენდოთ. მდგომარეობის შეფასება გაცილებით უკეთ ვიცით, ვიდრე „ენდიაიმ“ პრობლემებთან დაკავშირებით, პარტიების მიმართ დამოკიდებულებასა და „ენდიაის“ პოლიტიკური პლატფორმის საკითხებთან დაკავშირებით. მსოფლიო და თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ამხელა რეიტინგი დაუწერა „ენდიაიმ“, ყველა ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკური სანქციების განხორციელების არანაირი რესურსი არ აქვს, ამ დროს „ენდიაი“ წერს საპირისპირო მონაცემებს. აქ აზრობრივი შეუსაბამობაც არის.

საზოგადოების 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციის პროცესებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. როგორი ლოგიკიდან გამომდინარეობს „ენდიაი“, როდესაც ამბობს, რომ 80% უკმაყოფილოა, თუ კმაყოფილია იმ მიმართულების, რაც ხელისუფლებას აქვს, როგორ შეიძლება, იგივე რაოდენობა უკმაყოფილო იყოს იმითი, რაც რეალურად ასპარეზზე გვაქვს.

აქედან გამომდინარეობს გარკვეული პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც აქვთ კონკრეტულ ორგანიზაციასა და პოლიტიკურ ძალებს. ეკონომიკური დამოკიდებულება რომ არსებობს რუსეთზე, სწორედ ამიტომ არის, რომ სანქციების დაწესების რესურსი არ გააჩნია საქართველოს.

რუსეთს აქვს საქართველოს ეკონომიკურად დანგრევის სერიოზული რესურსი, რაც ყველას ესმის. 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და თქვენ უცებ მიცხადებთ, რომ 80%-ს მიაჩნია, ამ მიმართულებით სწორად არ ვითარდება. საქართველო – ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის, მიმოსვლის მქონე, ყველანაირად დაფასებული ევროატლანტიკურ სტრუქტურაში და ამ დროს მეუბნებით, რომ 80%, რომელიც ერთი მხრივ მხარს უჭერს ამ პოლიტიკას, ამბობს, რომ რუსეთის გავლენაა პოლიტიკაში, ალოგიკურია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ „ენდიაის“ კვლევის შეფასებისას.

banner
წინა სტატიაშიმშვიდობის დამყარების საუკეთესო გზა უკრაინის გვერდით დგომაშია და არა ნეიტრალურად დარჩენაში – კულება
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაურმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა