„ენბისინიუსი“ – ჯო ბაიდენი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს

ჯო ბაიდენი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისინიუსი“, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მაღალჩინოსნების ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებმა, პრეზიდენტ ბაიდენს წარუდგინეს სხვადასხვა წინადადება აშშ-ის სავარაუდო საპასუხო ქმედებების შესახებ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ასევე უკრაინაში შესაძლო შეჭრამდე აშშ-ის თავდაცვის ძალების გადაადგილების შესაძლო ვარიანტები.

მაღალჩინოსნების ცნობით, წინადადებების წარდგენა აშშ-ის პრეზიდენტის „კემპ-დევიდის“ რეზიდენციაში, ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართული შეხვედრის დროს მოხდა. მათი თქმით, თავდაცვის მაღალჩინოსნების წინადადებები ითვალისწინებს რეგიონში ბომბდამშენების ფრენას, შავ ზღვაში სამხედრო გემების შეყვანას, შეიარაღებული ძალების გადასროლას ევროპის სხვადასხვა რეგიონში და უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში, პოლონეთსა და რუმინეთში.

მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ლოიდ ოსტინის მიერ წარდგენილი ვარიანტების მიზანს წარმოადგენს ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთიანობის, სიმტკიცის დემონსტრაცია და რუსეთის აგრესიის შეკავება.

ამასთან, მაღალჩინოსნების თქმით, პრეზიდენტს მოახსენეს დაზვერვიდან მიღებული ინფორმაცია, რომ რუსეთი ისევ აგრძელებს სამხედრო შენაერთების დამატებას და უკრაინის სასაზღვრო რაიონებში მათ განთავსებას. მათი თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის შეიარაღებული ძალების და დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის ევროპაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – იმდენი საქმე გვაქვს, რომ ნამდვილად არ მინდა „ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო
შემდეგი სტატიაგვექნება ფრაქციის სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით – ბოკუჩავა