ემზარ კვიციანი კანონიდან ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს ემზარ კვიციანის ინიცირებული კანონპროექტი განიხილა, რომელიც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს.

პროექტის მხარდამჭერები ითხოვენ კანონიდან ამოიღონ არსებული ტერმინები – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“. ემზარ კვიციანის ინიცირებული პროექტის ავტორი საქართველოს დემოგრაფიული „საზოგადოება 21“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

„2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილისა და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. საკანონმდებლო სივრცეში ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონი წინა მოწვევის პარლამენტმა 2014 წელს მიიღო და მას მხარი დაუჭირეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებმა.

ემზარ კვიციანის ინიციატივას, კვორუმის არარსებობის გამო დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კენჭი ვერ უყარეს.

banner
წინა სტატიაშითბილისში სამი ობიექტის გაქურდვისა და ერთის გაქურდვის მცდელობისთვის არასრულწლოვანი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი მიქაუტაძე – არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა შეჩერდეს