ემზარ კვიციანი – გავრილოვის საკითხი იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, მიმდინარე წლის ივნისში სერგეი გავრილოვზე ისაუბრა.

მან კითხვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს.

„ხელში მიჭირავს ბროშურა, სადაც არის პროტოკოლი გაწერილი ოთხ ენაზე და მთელმა საქართველომ გაიკვირვა რატომღაც, რომ გავრილოვი როგორ მოხვდა აი ამ სკამში, სადაც ახლა ჩემი მეგობარი ზის და მიჰყავს სხდომა. ვინ შეადგინა ეს პროტოკოლი და თქვენი სამსახურის როლი აი ამ პროტოკოლის შედგენაში. დაისაჯა ვინმე? მოეკითხა ვინმეს? მიდის მოკვლევა საერთოდ? ხო ყველამ ვიცით, რომ ეს იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. უყურებთ, ვინ გამოიყენა ეს, გამოიყენა იმ ხალხმა, ვისთვისაც იყო ეს გაკეთებული და ვის გასაძლიერებლადაც“, – განაცხადა კვიციანმა.

მისი თქმით, ეს ხელისუფლების დამხობისთვის გაკეთდა.

„ბატონო ვახტანგ, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ პიროვნულად, მაგრამ ამ საქმეში თქვენ ისინი მიუშვით იქამდე, რომ შტურმზე გადავიდნენ. იქ დახვდათ გახარია და შეაჩერა. გუშინ კითხვა მოვისმინე ერთი ასეთი, რატომ არ გაგვაფრთხილე, რა ტყვიებს გვესროდითო, თვითონ რა, გაგაფრთხილათ შტურმზე რომ გადმოდიოდნენ? გახსოვთ ალბათ 2006 წელი. განცხადება გავაკეთე, კოდორის ხეობაში ვიყავით სულ ხუთი კაცი, რომ არ შეიძლება აქ შემოსვლა და ჯარის შემოყვანა, რადგან დაიკარგება, ლეგიტიმაციას აძლევ რუსეთს, რომ შემოვიდეს ხეობაში, გვაქვს ოთხმხრივი შეთანხმება საერთაშორისო, ამის გულისთვის დამაბრალეს ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკანონო შეიარაღებული ფორმირებებით, რომელიც თვითონ შექმნეს. ჯერ შეაიარაღეს ბრაკონიერი მონადირე, შემდეგ გააუქმეს და იარაღი დაუტოვეს“, – განაცხადა კვიციანმა.

დეპუტატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ მისი ოჯახი საკუთარ ბინას დაუბრუნა. მან ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

„დამსახურებაა ირაკლი ღარიბაშვილის, რომ ჩემი ოჯახი, რომელიც ქუჩაში იყო დარჩენილი, შეასახლა ჩვენს ბინაში და ციხიდანაც სხვათაშორის ირაკლის დამსახურებით და, რა თქმა, უნდა მოსახლეობის მხარდაჭერით გამოვედი, დღეს აქ ვზივარ და არა ციხეში. რისთვის? სამშობლოს დაცვისთვის, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები დღესაც გრძელდება. ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან იმართება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე
შემდეგი სტატია,,მჯერა, რომ იმ ღამეს ბატონ გახარიას ბრძანება არ გაუცია, მაინცდამაინც რეზინის ტყვიები ესროლეთ ხალხს თავში, მით უმეტეს თვალი ამოთხარეთო”