“ემპათიას” ანგარიში 20 ივნისზე – გადაუდებელი აუცილებლობა თუ სადამსჯელო სპეცოპერაცია?

ცენტრი “ემპათია” 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს – რა დაზიანებები მიიღეს მშვიდობიანმა მოქალაქეებმა, რამდენად რთული იყო დოკუმენტაციის მოპოვება უწყებებიდან, შიდა სახელმწიფოებრივი დარღვევები და შეუსაბამობები საერთაშორისო სტანდარტებთან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი საოკუპაციო აქცია “რეზინის სხვადასხვა ზომის ტყვიებით” “წიწაკისა” და ცრემლმდენი გაზის, წყლის ჭავლის, სპეციალური ხელბორკილების, პოლიციური ხელკეტების გამოყენებით დაარბია.

“საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციით, 20-21 ივნისის ღამეს, სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენებისას, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო საპროტესტო აქციის 202-მა მონაწილემ, ხოლო შეტაკებისას დაშავდა 73 სპეცრაზმელი. აღნიშნული მონაცემებით, სხეულის ფიზიკური დაზიანება მიიღო სულ 275-მა ადამიანმა.

აღსანიშნავია, რომ მოცემული სტატისტიკური მონაცემები არ ასახავს რეალობას, ვინაიდან არ შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ რამდენ დაზარალებულს აღმოეჩინა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზე და რამდენს ამბულატორული ან/და სტაციონარული დახმარება მომდევნო დღეების განმავლობაში”, – წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის, ასევე, აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ, არ მოიპოვება.

“არც ერთი საქმეა აღძრული არასათანადო მოპყრობის მუხლით, რასაც მსგავს სიტუაციებში მოითხოვს საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. არც ერთ შემთხვევაში ჩატარდა სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მხრიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა “სტამბოლის პროტოკოლის” სტანდარტების შესაბამისად”, – წერს “ემპათია”.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 24 ივნისს პროკურატურამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების 93 ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მისი შედეგები დღემდე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის, ქეთევან ტყეშელაშვილის პასუხის მიხედვით ირკვევა, რომ:

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით, სამართალდამცავებმა ზემდგომი თანამდებობის პირების ბრძანების გარეშე გამოიყენეს სპეციალური პოლიციური საშუალებები, ზოგადად დამტკიცებული გეგმის მიხედვით, რაც არღვევს სპეციალური პოლიციური საშულებების გამოყენების საერთაშორისო სტანდარტებს;
რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი აქციის დაშლასთან დაკავშირებით არ არსებობს;
პერსონალური მაიდენტიფიცირებელი ნომრები ან/და სხვა რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი სპეცრაზმელებს არ ჰქონიათ, შესაბამისად, გაურკვეველია, თუ როგორ უნდა მოხდეს სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში პირის იდენტიფიცირება;
აღნიშნული წერილიდან ვერ დგინდება, თუ რომელ საგამოძიებო უწყებას გადაეცა ინფორმაცია 32 სამოქალაქო პირის დაზიანებების შესახებ და როგორ წარიმართა გამოძიება.
“ემპათია”-ს მულტიპროფილური კვლევა, ჩატარდა 20-21 ივნისს დაზარალებულ 30 პირზე, მათ შორის, ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებზე. მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ შემთხვევათა 76%-ში ადგილი ჰქონდა რეზინის ტყვიების არაადეკვატურ გამოყენებას, 90% მიუთითებს, რომ ეს იყო დასჯის მიზნით განხორცილელებული სპეცოპერაცია, 90% მიიჩნევს, რომ ეს იყო სასტიკი დარბევა, რომლის შედეგადაც შესაძლოა მომკვდარიყო.

გამოკითხულთა 80% – მა აღნიშნა, რომ ხმამაღალი გაფრთხილება აქციის დაშლის თაობაზე არ ყოფილა, აქედან 10% – მა განაცხადა, რომ არ იცის, ხოლო გამოკვლეულთა 10% აცხადებს, რომ ამგვარი გაფრთხილება იყო.

“საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნა. ამგვარად, საეჭვოდ გვესახება აქციის სასტიკი დარბევის რეალური მიზანი: ჰქონდა ადგილი სადამსჯელო სპეცოპერაციას, თუ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ აქციის დაშლას?”, – წერს “ემპათია”.

banner
წინა სტატიაში„ევროპის მოედანზე“ მოქალაქეების შეკრება იმართება
შემდეგი სტატიაანზორ ბიწაძე: ,,დღესაც 9 აპრილის აღნიშვნა აქციებისა და კონტრაქციების პარალელურად გვიწევს”