ემიგრანტებთან დაკავშირებით მელიას პოზიციას ვიზიარებ, აქტიურად უნდა დავიწყოთ საუბარი, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში – უდუმაშვილი

აბსოლუტურად ვიზიარებ ნიკას პოზიციას ემიგრანტებთან დაკავშირებით. აქტიურად უნდა დავიწყოთ საუბარი, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი თანამოქალაქე იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

„ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მეგობრები, პარტნიორები არიან. ბუნებრივია, აბსოლუტურად ვიზიარებ ნიკას პოზიციას ემიგრანტებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ემიგრანტების 0,5%-მა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ კი არა, რომ მათ არ აქვთ სურვილი არჩევნებში მონაწილეობის, ყველას დიდი სურვილი აქვს, უბრალოდ ფიზიკურად ვერ ახერხებენ ამას. როდესაც საფრანგეთში, პარიზში ერთი უბანია გახსნილი, სხვა ქალაქებიდან ფიზიკურად ვერ ჩახვალ, რომ ხმა მისცე. ეს მათ შორის დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული. ამ თემაზე ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა დავიწყოთ საუბარი, რათა რაც შეიძლება მეტი ჩვენი თანამოქალაქე იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კითხვაზე: „ექნება თუ არა ამ მოდელის დანერგვას არჩევნების შედეგებზე გავლენა“, უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ექნება.

„რა თქმა უნდა, იქონიებს გავლენას შედეგებზეც. სწორედ ამიტომ ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს არის ძირითადად ოპოზიციური ხმები, რადგან კარგი ცხოვრების გამო არ გარბის ქვეყნიდან ჩვენი თანამოქალაქე, გარბის იმიტომ, რომ უჭირს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ხმები არ არის ხელისუფლების მხარეს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამასთან, ზაალ უდუმაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მთავარია, როგორი იქნება ექიმების დასკვნა.

„ამ შემთხვევაში ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რა განცხადებას გააკეთებს იუსტიციის მინისტრი ან ირაკლი ღარიბაშვილი, მათი პოზიცია ჩვენთვის ცნობილია. დღესაც არ იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი კლინიკაში, რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაზე ასეთი მზარდი ზეწოლა როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან. ისინი მუდმივად გვიმტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობა ეწეოდა რუსთავის დაწესებულებაში, მაგრამ ხომ აღმოჩნდა, რომ შეიძლებოდა, მართლაც ტრაგედიამდე მივსულიყავით ხელისუფლების ჯიუტი პოზიციის გამო. ზუსტად ასევე შეიცვლება ხელისუფლების პოზიცია, თუ ჩვენ ხელთ გვექნება ექიმების დასკვნა. ახლა მთავარია, როგორი იქნება ექიმების დასკვნა. ერთია, ჩვენ როგორ ვაფასებთ ამ პროცესებს, მაგრამ მეორეა, ექიმები რას თვლიან და როგორი იქნება მათი შეფასება. თუ ისინი იტყვიან, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაავადების მკურნალობა არის გამორიცხული, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება. ეს ბუნებრივია, ასეც უნდა მოხდეს, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას უცხოეთის იმ კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ შესაბამის მკურნალობას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ჟურნალისებმა უდუმაშვილს შეაფასებინეს ნიკა მელიას კიდევ ერთი განცხადება, სადაც ის მაბობს: „სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ივანიშვილის წინააღმდეგ ამ ხარისხში მიმდინარე პროცესები, ცალ-ცალკე მაინცდამაინც არ უნდა განვიხილოთ“.

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის პატიმრობა დასავლელი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის და იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რადგან როდესაც ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ამ დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არის ციხეში, ბუნებრივია, ეს იქნება ჩვენი დასავლელი კოლეგებისთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორიც. ჯერ სამართლებრივად ნონსენსია ბრალდებები, რომლითაც გასამართლებულია მიხეილ სააკაშვილი. ის არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, ასევე ფიზიკური, მორალური ანგარიშსწორების მსხვერპლი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა შესთავაზა მას გარკვეულ დათმობებზე წასვლა უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, „რათა პუტინისთვის სახე შეენარჩუნებინა“
შემდეგი სტატიაუკრაინის ყოფილი სამი პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს, ხელისუფლებას დაეხმარონ „აზოვსტალში“ მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირების გადარჩენაში