პარტიებმა “გირჩი მეტი თავისუფლებამ” და “დროამ” საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს. ისინი ითხოვენ, რომ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დროულად გაიხსნას საარჩევნო უბნები.
კამპანია “საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში” ორმა პარტიამ ერთად წამოიწყო, პარტიების თქმით, მიზანია ემიგრაციაში ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებს შესაბამისი პროცედურების გავლაში დაეხმარონ, რათა მაქსიმალურად ბევრმა შეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხს არ სცემს ქართველ ემიგრანტებს, 65-ზე მეტ ქალაქშია დაწყებული ხელმოწერების შეგროვება, აქედან 15-მდე ქალაქიდან ოფიციალური მოთხოვნაა გაგზავნილი უბნის გახსნაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში და პასუხს არ სცემენ. ჩვენ მოვიტანეთ ოფიციალური მიმართვები ახლა მინისტრის სახელზე, სადაც ვითხოვთ, რომ ოფიციალურად დაადასტურონ რომ იმ ქალაქებში, სადაც იქნება 50-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და ითხოვს უბნის გახსნას, რომ იქ გაიხსნება დიპლომატიური წარმომადგენლობა დროებით, სადაც შემდეგ ცესკო-ს მიეცემა საშუალება, რომ გაიხსნას უბანი”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
“დროას” წევრი, გიგა ლემონჯავა ამბობს, რომ ორი თვეა საგარეო არ პასუხობს წერილებს, რომლებიც ემიგრანტებმა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში, ასევე სამინისტროში და ცესკო-ში გაგზავნეს. მისივე თქმით, საკონსულო აღრიცხვის სისტემა არის ხარვეზიანი, რადგან მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ აღრიცხავენ, რაც მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის.