EMC: მიხაილო თოდუას საქმეზე პრობაციის სააგენტოს განცხადება ფაქტობრივად არაზუსტია

region
ავტ.: region ნოემბერი 11, 2020 19:32

EMC: მიხაილო თოდუას საქმეზე პრობაციის სააგენტოს განცხადება ფაქტობრივად არაზუსტია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანახმად დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადება “არის ფაქტობრივად არაზუსტი და მიზნად ისახავს მიხაილოს მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნას”.

პრობაციის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხაილო თოდუამ შინაპატიმრობის ვალდებულებებს სისტემატურად არღვევდა და გასული წლის ბოლოდან მოყოლებული, მან 18-ჯერ დაარღვია დადგენილი რეჟიმი.

EMC აღნიშნავს, რომ განცხადებაში ნახსენები თვრამეტივე შემთხვევა უკავშირდება მიხაილოს მუსიკალურ საქმიანობას და ამ მიზეზით შინაპატიმრობის წესის შეუსრულებლობას. EMC-ის თანახმად მიხაილოს ჰქონდა კომუნიკაცია პრობაციის ოფიცერთან, წინასწარ აფრთხილებდა მას შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევის თაობაზე და ჰქონდა სამსახურეობრივი საქმიანობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები.

“აქედან გამომდინარე, აღნიშნული შემთხვევები მიხაილოს ეთვლებოდა საპატიოდ და სწორედ ამიტომ, მის პირად საქმეში არც ერთი გაფრთხილება არ არსებობს, სადაც საუბარი იქნებოდა შინაპატიმრობის წესების დარღვევაზე.” – წერს ადმიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნა, მუსიკოს მიხაილო თოდუასთვის გაუქმებულიყო შინაპატიმრობა და მის მიმართ კვლავ საპატიმრო სასჯელი გამოეყენებინათ.

თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მუსიკოსს საღამოს 19:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე სახლიდან გასვლა ეკრძალება. აქამდე მას სახლიდან გასვლა 21:00 საათიდან ეზღუდებოდა და პრობაციიდან სპეციალური ნებართვა ესაჭიროებოდა.

მიხაილო თოდუას ოქტომბერში გირჩის მიერ ორგანიზებულ ერთერთ ღონისძიებაზე დაკვრისთვის სპეციალური ნებართვა ჰქონდა, თუმცა ნებართვა მოგვიანებით პრობაციის სამსახურმა ვალიდურად არ ცნო, ვინაიდან ღონისძიება პოლიტიკური იყო. პრობაციის სამსახურმა მისთვის დარჩენილი 1.8 წლის შინაპატიმრობის ნაცვლად პატიმრობით შეცვლა მოითხოვა.

მუსიკოსი მიხაილო თოდუა პატიმრობიდან გასული წლის 11 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

მიხეილ თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. საბჭომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. მიხაილოს ელექტროსამაჯური უკეთია.

მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეი, მიხაილო თოდუა, 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თოდუას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა თანხა ვერ გადაიხადა. მუსიკოსი მუშაობას საპატიმროშიც აგრძელებდა – გამოუყვეს ოთახი, რომელიც სტუდიად გადააკეთა და რამდენიმე ალბომიც გამოუშვა.

region
ავტ.: region ნოემბერი 11, 2020 19:32