EMC-ი „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს” ეხმაურება და მარიხუანას რეგულირების სამართლებრივ რეჟიმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მცენარე კანაფის და მარიხუანას რეგულირების სამართლებრივ რეჟიმთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) განმარტებებს აკეთებს.

ორგანიზაციის განცხადებას „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს დაანონსებულია “კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის” ჩატარება თბილისში, რომელსაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ორგანიზატორი ჰყავს. ღონისძიების აღწერაში დაზუსტებული არ არის კონკრეტულად რა აქტივობები იგეგმება ფესტივალის ფარგლებში. ამავე აღწერაში, სამწუხაროდ, დეტალურად და ზუსტად ასევე არ არის გადმოცემული მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ბოლო წლების მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, კვლავ საკმაოდ ხისტი რჩება.

სათანადო ინფორმაციის არქონამ, შეიძლება ფესტივალზე მისულ ადამიანებს გაუთვალისწინებელი სამართლებრივი პრობლემები შეუქმნას. ამ სიტუაციაში,საჭიროდ ვთვლით გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება დაინტერესებული პირებისთვის და ასევე, მოვუწოდოთ ფესტივალის ორგანიზატორებს, ღონისძიების გვერდზე, წინასწარ გაავრცელონ საჭირო განმარტებები არსებული საკანონმდებლო რეგულირებების შესახებ და მოწვეულ სტუმრებს აუხსნან ფესტივალთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილი არსებული მდგომარეობით ასეთია:

– 2018 წლის ივლისის შემდეგ, მარიხუანას მოხმარება აღარ ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. პარლამენტს ჯერჯერობით არ მიუღია მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებული ცვლილებები;

– მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით შეძენა/შენახვა რჩება სამართალდარღვევად და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

– მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის (კანაფის შემთხვევაში – 10 გრამი) უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება ასევე არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარით, ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით;

– 2017 წლის ივლისის შემდეგ, 151 გრამამდე მცენარე კანაფის პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონო დათესვისა და მოყვანისთვის გაუქმებულია საპატიმრო სასჯელი. თუმცა, ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში რჩება;

– 2017 წლის ივლისის შემდეგ, 266 გრამამდე მცენარე კანაფის პირადი მოხმარებისთვის მიზნით დათესვისა და მოყვანისასთვის, არაკონსტიტუციურად არის გამოცხადებული თავისუფლების აღკვეთა “ექვსიდან თორმეტ” წლამდე ვადით. ჯერჯერობით პარლამენტს ამ ნაწილში ახალი რეგულაციები არ მიუღია;

– 2015 წლის 24 ოქტომბრის შემდეგ, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ფლობა არ ისჯება საპატიმრო სასჯელით, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი რჩება;

– მცენარე კანაფის ან მარიხუანას გასაღება არის სისხლის სამართლის დანაშაული და პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პასუხისმგებლობის საკითხების განვილვისას, ასევე გასათვალისწინებელია შესაძლო დამამძიმებელი გარემოებების არსებობა, როგორიც შეიძლება იყოს:

– წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ მოქმედება;

– წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მხრიდან ქმედების ჩადენა;

– ნარკოტიკების დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

მოვუწოდებთ ფესტივალის ორგანიზატორებს იმოქმედონ პასუხისმგებლობით და ყველა დაინტერესებულ პირს, წინასწარ გაუზიარონ ინფორმაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვების შესახებ.

წინასაარჩევნო კონტექსტის, საზოგადოებაში არსებული მწვავე პოლარიზაციისა და დაძაბულობის გათვალისწინებით, ფესტივალთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია პოლიციამ იმოქმედოს პროპორციულობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს მოლაპარაკებების სტრატეგია და სიტუაციის მართვის არაძალისმიერი და ნაკლები ინტენსივობის მქონე საპოლიციო ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიადგილობრივების ინფორმაციით, ოკამში მცხოვრები ორი მამაკაცი შეშის შესაგროვებლად იყო წასული, რა დროსაც ისინი ე.წ.მესაზღვრეებმა გაიტაცეს
შემდეგი სტატიაგამოძიება ბიზნესმენის შვილის გატაცებაში აფხაზეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების მონაწილეობის ვერსიაზეც მუშაობს