ემანუელ მაკრონი – საფრანგეთისა და ჩვენი პარტნიორების პოზიცია ნათელია, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში

საფრანგეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია ნათელი და ერთიანია. ჩვენ გვსურს ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა უკრაინაში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპელ და კანადელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიღებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი“, – აღნიშნავს მაკრონი.

მისივე თქმით, ლიდერები იზიარებენ იმ მიზანს, რაც ასევე პრეზიდენტ ტრამპის მიზანიც არის, რომ დასრულდეს რუსეთის მიერ თითქმის სამი წლის განმავლობაში წარმოებული აგრესიული ომი.

„ჩვენი ძალისხმევა მშვიდობისთვის გაგრძელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე: უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული და მისი უფლებები დაცული; მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს მყარი და სანდო გარანტიები; ევროპის უსაფრთხოების საკითხები გათვალისწინებული უნდა იქნეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებელია ევროპისა და ჩვენი თითოეული ქვეყნისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებისა და შესაძლებლობების გაზრდა. გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მომდევნო დღეებსა და კვირებში“, – წერს მაკრონი.

ამასთან, როგორც საფრაგნეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ასევე ესაუბრა ისლანდიისა და ნორვეგიის წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი – სატელეფონო საუბრისას კირ სტარმერმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ომის დროს არჩევნების გადადება სავსებით გონივრულია
შემდეგი სტატიაილონ მასკი – ზელენსკი იქამდე ვერ ამტკიცებს, რომ წარმოადგენს უკრაინელი ხალხის ნებას, ვიდრე არ აღადგენს პრესის თავისუფლებას და არ შეწყვეტს არჩევნების გაუქმებას