გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ დაკავებული რედაქტორის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესის დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ის მოწმე გამოიკითხა, რომელსაც პროკურატურის ინფორმაციით, სრული ინფორმაცია ჰქონდა ჟურნალისტისა და ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების სავარაუდო კავშირებზე.
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, დაიკითხა მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც წლების განმავლობაში ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იყო როგორც ელისო კილაძესთან, ისე საქმის სხვა ფიგურანტებთან.
„ამ მოწმისთვის ცნობილია „ქოლ-ცენტრებთან“ არსებული საკითხები. ასევე ის ინფორმაცია, თუ რისთვის იღებდა ელისო კილაძე ფულად თანხებს ორგანიზებული საქმიანობის ფარგლებში, რა იყო მისი მოვალეობა-ფუნქცია, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ისაუბრა.
მანვე განმარტა, რომ ის საკითხი, როგორც შუქდებოდა, რომ ის იყო „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლი ჟურნალისტი, ის დავალებებს კონკრეტულ „ქოლ-ცენტრებში“ შესვლის შესახებ ინფორმაციას იღებდა „ქოლ-ცენტრების“ მმართველი პირების მიერ, შესაბამისად, ის ამისთვის გარკვეულ ფულად თანხებს იღებდა“, — განაცხადა პროკურორმა.
„ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე 18 თებერვალს დააკავეს. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის მხილების გამო შურისძიების მსხვერპლია.
საქმეზე ბრალდებულები არიან ოთარ ფარცხალაძე, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და სხვები.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა — გივი ჯიბლაძემ, ბენ ანორმა, თორნიკე ჯანელიძემ და გიორგი კამლაძემ დანაშაული აღიარეს და არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას. ოთხივე მათგანი, მათ შორის ბიზნესმენი გივი ჯიბლაძე, გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.















