თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმის განხილვა ისევ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მოწმის სახით ე.წ. ქოლცენტრების საქმის ფიგურანტი თორნიკე ჯანელიძე დაკითხა. როგორც ადვოკატი ნათია კორკოტაძე აცხადებს, მოწმემ ვერცერთი კითხვაზე, რომელიც კილაძის კავშირს „ქოლცენტრებთან“ ეხებოდა, პასუხი ვერ გასცა.
ადვოკატის განმარტებით, საქმის მასალებში, რომლებიც თორნიკე ჯანელიძის ეპიზოდს ეხება, ელისო კილაძის ხსენება საერთოდ არ არის. იკვეთება წინააღმდეგობა. კერძოდ, მოწმე 2025 წლის 15 ოქტომბერს, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას დაიკითხა. გარდა ამისა, დაცვის მხარისთვის უცნობია, რატომ გამოიძახეს მოწმე სასამართლოში, თუ ის ვერ ადასტურებს ბრალდების მხარის მთავარ ვერსიას.
ელისო კილაძე, რომელიც 18 თებერვალს დააკავეს, ბრალდებულია თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში (სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლები). მასთან ერთად საქმეში ფიგურირებენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ძმები მიქაძეები.
თავად ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის, მამუკა მდინარაძის შურისძიება მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.

















