19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ელისო კილაძის ადვოკატი: გივი ჯიბლაძემ ლილუაშვილისა და კილაძის წინააღმდეგ ჩვენება საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მისცა

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, „ქოლ-ცენტრების“ ეპიზოდთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ელისო კილაძე სასამართლოში 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ განაცხადა, რომ კილაძემ სასამართლოს ობიექტური და რეალური ჩვენება მიაწოდა.

ადვოკატის განმარტებით, საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, შპს „სვეტის“ ხელმძღვანელმა გივი ჯიბლაძემ, სუს-ის ყოფილი უფროსისა და ელისო კილაძის წინააღმდეგ ჩვენება ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მისცა.

ნათია კორკოტაძის თქმით, ელისო კილაძემ უარყო ბრალდების მხარის ვერსია ჯიბლაძესა და ლილუაშვილს შორის 2018 წელს არსებული შესაძლო კავშირების შესახებ.

„ელისო კილაძემ გივი ჯიბლაძეს მეზღაპრე უწოდა და აღნიშნა, მას ისეთი ილუზიები ჰქონდა, რაც ჩემთვის წარმოუდგენელიაო. „ქოლ-ცენტრთან“ დაკავშირებული ლილუაშვილი არ ყოფილა, შუამავლობა არავის გაუწევია. ელისომ ილაპარაკა ის, რაც იყო რეალური და ობიექტური. კავშირში არ არის საერთოდ ჯიბლაძის ჩვენებები, რაც მან სასამართლოს მისცა“, — განაცხადა “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ადვოკატმა.

მანვე დასძინა, რომ ჯიბლაძის მხრიდან ჩვენების მიცემის მთავარი მოტივი საპროცესო შეთანხმების გაფორმება იყო.

„დღეს გავიგე, რომ ჯიბლაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, რამდენ წელზე და რა პირობებზე, არ ვიცი. მოიპოვა იმით, რომ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ელისო კილაძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, სანაცვლოდ კი გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“, — აღნიშნა ნათია კორკოტაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების შემდეგ, 23 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 11-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშირუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა