ელისო კილაძე:კოტე და პავლე კუბლაშვილები ფარული ჩანაწერებით დააშანტაჟეს?

kublashvili2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ მთავარი პოსტულატი სამართლიანობის აღდგენა იყო. ამომრჩევლის უმრავლესობამ სწორედ ამ ზოგადი ლოზუნგის გამო დაუჭირა მხარი ბიძინა ივანიშვილს, თუმცა არც არავის გახსენებია, ოლიგარქს კონკრეტულად ჩაკითხოდა, _ სამართლიანობის აღდგენაში გულისხმობდა თუ არა იმ ხელისუფლების გასამართლებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელიც თავად იყო.
ბიძინა ივანიშვილის მთავარმა აფერამ გაჭრა _ ამომრჩეველმა „სამართლიანობისთვის“ მებრძოლის დაპირებები დაიჯერა, მაგრამ დღეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეოთხე წელს, ქვეყანამ მხოლოდ დანგრეული სახელმწიფო ინსტიტუტები: კასტრირებული უზენაესი სასამართლო, მურუსიძის სააპელაციო, კორუფციის ჭაობში ჩაფლული სახელისუფლებო ვერტიკალი, სრულიად უუნარო პარლამენტი და ერთი კაცის არაფორმალური მმართველობა მიიღო.
ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა პირველი, რაც გააკეთა, მისთვის დაკისრებული ჯარიმა _ 80 მილიონი ლარი უკან დაიბრუნა. სხვა არც დაჩაგრული ბიზნესმენი გახსენებია ვინმე და არც დაპირებული ფინანსური ამნისტია გამოუცხადებია. მიუხედავად იმისა, რომ, ასე თუ ისე, წინა ხელისუფლების ანატომიას კარგად იცნობდა, რეალურად, აღმოჩნდა, რომ სრულყოფილი ინფორმაცია ბიზნესის მართვის შესახებ ივანიშვილს არ ჰქონდა _ სწორედ ამ მიზნით მან საქართველოში საკუთარი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ჩამოიყვანა და „პიქსელის“ შენობაში ალტერნატიული ფინანსური პოლიცია და პროკურატურა გახსნა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ვერც უჩა მამაცაშვილი გაუგებდა ქართული ბიზნესის მართვასა და წილებს თავსა და ბოლოს, მას რომ მაშველ რგოლად ისევ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, რამაზ ნიკოლაიშვილი არ მოვლენოდა. ნიკოლაიშვილმა ბევრი კარტი გაუხსნა ოლიგარქს, მათ შორის, საქართველოს რკინიგზაზე და გადაზიდვების სფეროზე.
უჩა მამაცაშვილი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ბიზნესწილების გადანაწილებაში მონაწილეობდა. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეს ფუნქცია გენერალური ინსპექციის უფროსს, ზვიად ჯანყარაშვილს ერგო. ჯანყარაშვილი საქართველოს რკინიგზის გადაზიდვებში აპირებდა ცხვირის ჩაყოფას, მაგრამ „პიქსელის“ შენობაში ამ მიზნით მისულს დელიკატურად აუხსნეს, რომ ეს მისი საქმე არ არის. ოფიციალურად, გადაზიდვების ბიზნესი სახელმწიფოს უბრუნდება და კერძო პირების ხელში არ რჩება. დავით იაკობაშვილი სწორედ ასე მოიქცა და მისი კუთვნილი გადაზიდვების კომპანია სახელმწიფოს დაუბრუნა.
ბიზნესი არ ყოფილა ერთადერთი სფერო, რომლის კონტროლის მექანიზმებზე ზრუნვა ოლიგარქმა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. მას მორჩილი აღმასრულებელი ხელისუფლების მსგავსად, მორჩილი სასამართლო ხელისუფლება სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრის თანამდებობაზე მისივე დანიშნული იყო, ბოლომდე არასოდეს ენდობოდა, უნდობლობის მთავარი ფაქტორი კი მისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის წარსული და სიძეზე მისი გავლენა იყო. სწორედ ამიტომ ყველა მნიშვნელოვან და სერიოზულ საქმეს იმ წლებში ივანიშვილი სულ სხვა პირს ავალებდა და ეს პირი _ არც მეტი, არც ნაკლები, ოთარ ფარცხალაძე გახლდათ.
მერე რა, რომ 2008 წლიდან ოთარ ფარცხალაძე სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანი უწყების, კერძოდ, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი იყო? ივანიშვილისთვის გადამწყვეტი არა ამომრჩევლისთვის მიცემული სამართლიანობის აღდგენის დაპირება, არამედ მისი უფროსი შვილის, ბერას რეკომენდაცია აღმოჩნდა. ოთარ ფარცხალაძეს რეკომენდაცია მამამისის კარზე სწორედ ბერა ივანიშვილმა გაუწია.
2013 წელს ოთარ ფარცხალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა.
სწორედ ამ პერიოდში ივანიშვილს ხელთ ჩაუვარდა ძმებ კოტე და პავლე კუბლაშვილების რამდენიმე ფარული ჩანაწერი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ერთი ჩანაწერი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებისთვის ნაფიცი მსაჯულების შერჩევას ეხებოდა, რაც პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია, მეორე ჩანაწერში კი კოტე კუბლაშვილი სასამართლო სისტემის რეფორმირებისათვის სპეციალური ფონდის თანხებსა და შემოწირულობაზე საუბრობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ ფონდში ფული რამდენჯერმე თავად ბიძინა ივანიშვილმაც გადარიცხა.
ორივე ფარული ჩანაწერი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი იყო. სიტუაციის მოგვარება სწორედ ოთარ ფარცხალაძეს დაევალა. ძმებ პავლე და კოტე კუბლაშვილებთან სიტუაციის „გასაიასნებლად“ ოთარ ფარცხალაძემ მისივე წინამორბედი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი და იუსტიციის საბჭოს წევრი, გიორგი ობგაიძე გამოიყენა. რეალურად, ფარცხალაძე-ობგაიძის დუეტს დიდი ძალისხმევა არც დასჭირვებია, _ ძმები კუბლაშვილები, რომლებმაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს, რაც კი შეიძლებოდა, ყველა სიკეთე მიიღეს, ივანიშვილის ხელისბიჭები უპრობლემოდ გახდნენ. ბიძინა ივანიშვილი კოტე კუბლაშვილს ტეტ ა ტეტ შეხვდა. უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ვადის ბოლომდე ამოწურვის და შემდგომ ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო, პავლე კუბლაშვილი კი ოლიგარქმა უფრო ხელსაყრელი მომენტისთვის შემოინახა. ბიძინა ივანიშვილს ლევან მურუსიძე კოტე კუბლაშვილმა მიუყვანა და გააცნო, უზენაეს სასამართლოში კი თავმჯდომარის მოადგილედ მისივე რეკომენდაციით დაინიშნა მიხეილ ჩინჩალაძე. ნინო გვენეტაძეს მხოლოდ ფორმალურად უჭირავს თავმჯდომარის პოსტი, ყველა დავალებას სწორედ მიხეილ ჩინჩალაძე იღებს და ასრულებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენიც, ივანიშვილის დავალებით, სწორედ ამ პირთა წრემ მოიყვანა სისრულეში.
„მე კოტე კუბლაშვილზე არ გამიგია, რომ ის არის დიდი მექრთამე, რომ ეს არის ძალიან მდიდარი ადამიანი. ის, უბრალოდ, ვერ ახერხებდა, უარი ეთქვა ერთი ადამიანისათვის და იმ სისტემისათვის, რომელიც მოხერხდა და ჩამოყალიბდა საქართველოში და ეს არ მოხდა ერთ დღეს.
მე მიმაჩნია, რომ ის არის პროფესიონალი, მას აქვს დიდი გამოცდილება, მას აქვს ბევრი კარგი გაკეთებული. ჩემი დიდი სურვილია, კოტე კუბლაშვილმა დაასრულოს თავისი ვადა. გასაგებია, რომ იყო პრობლემები, მაგრამ ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული. ჩვენ შევეცადოთ, შევინარჩუნოთ ჩვენი ნიჭიერი კადრი. მას დიდი გამოცდილება აქვს, ისიც და მისი ძმაც, პავლე კუბლაშვილი, ინტელექტუალები არიან“, _ ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილმა ძმებ კუბლაშვილებზე სწორედ მას შემდეგ თქვა, რაც მათგან ყმობისა და ერთგულების ფიცი მიიღო.
მეორე ინტელექტუალი ძმა, პავლე კუბლაშვილი, მან, მოგვიანებით, „ნაცმოძრაობის“ დასაშლელად გამოიყენა _ მართალია, პავლე კუბლაშვილმა დასახული ამოცანა ბოლომდე ვერ შეასრულა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ათი კაცი ვერ გადაიბირა, სამაგიეროდ, პარტია აღმასრულებელი მდივნის გარეშე დატოვა. ივანიშვილის დასახული ამოცანა ბოლომდე ვერც გიორგი ვაშაძემ შეასრულა, მან ვერ შეიტანა დისონანსი სააკაშვილის კარზე, ამჯერად, უკრაინაში. ვაშაძეს, ძმებ კუბლაშვილებისგან განსხვავებით, ბოლომდე არც არასოდეს ენდობოდნენ. სწორედ ამიტომაც, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილს, უბრალოდ, მობეზრდა ამ ორი ფრთის ცალ-ცალკე დაფინანსება და მათ საარჩევნოდ გაერთიანებას სთავაზობს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამავე ბლოკში შეიძლება აღმოჩნდნენ „ახალი მემარჯვენეებიც“, რომლის თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ახლო მეგობარია. არსებული ინფორმაციით, გათვლები არა მათ საარჩევნო წარმატებებზე, არამედ არჩევნების მერე, მათი მხრიდან, არჩევნების შედეგის „გაპრავებაზეა“.
სასამართლო სისტემის ივანიშვილისთვის „პლენად“ ჩაბარება ოთარ ფარცხალაძის ერთადერთი დამსახურება არ არის. იმის გამო, რომ სუს-იდან შეიძლებოდა, ინფორმაციას გაეჟონა, სწორედ ამიტომ ფინანსურ პოლიციას „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მოსმენა და თვალთვალი დაევალა.
ამ პერიოდში ყველას ახსოვს პანიკური ზარები, რომლებიც სამართალდამცავ უწყებას ამა თუ იმ დაწესებულებაში ბომბის არსებობას აუწყებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ზარის ავტორები, უმეტესად, არასრულწლოვნები იყვნენ და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლებოდა. მაგრამ იმ პერიოდში არავის მოსვლია აზრად ეკითხა, ვინ იყვნენ ზარის ავტორი ბავშვების მშობლები?.. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ყველა ბავშვის მშობელი შს სამინისტროს ფარული აგენტი იყო და მათ ამ სატელეფონო ზარებზე დავალება სწორედ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებისგან მიიღეს. ზარის შემდგომ ამა თუ იმ უწყებაში ფინანსური პოლიციის, ოთარ ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილი პირი შედიოდა და მოსასმენ აპარატურას, ან ფარულ სათვალთვალო კამერას აყენებდა. სწორედ ასეთი ზარის შემდეგ სათვალთვალო კამერა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სამუშაო ოთახის ჭაღში დაამონტაჟეს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ფაქტის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა აცნობა კიდეც. უსუფაშვილის დავალებით ჭაღი ჩამოხსნეს, ფარული კამერა იპოვეს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველ კოალიციას ნამუსი შეუნახა და კამერების წინ ფაქტის გახმაურებაზე უარი თქვა.
2013 წლის 7 ნოემბერს საქართველოს მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, თანამდებობიდან გადადგა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გადადგომას წინ უძღოდა მასთან ბიძინა ივანიშვილის ზარი. ივანიშვილს იმდენად მოსწონდა ოთარ ფარცხალაძის მოქმედების სტრატეგია, კბილაშვილს პირდაპირ უთხრა, _ მე რომ საქმეები მჭირდება, შენ იმ საქმეებში არ გამომადგებიო. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ამ და სხვა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები საგულდაგულოდაა შენახული და დღის სინათლეს სწორედ საპარლამენტო არჩევნების წინ იხილავს. საზოგადოება რეალურად დაინახავს, რა ბნელი საქმეები აკეთა ამ ოთხი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა.
კბილაშვილის გადადგომიდან მეორე დღეს, 2013 წლის 8 ნოემბერს, მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე დაინიშნა. დანიშვნისთანავე აღმოჩნდა, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე პირველად, მთავარი პროკურორის პოსტი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლებმა პირმა ჩაიბარა. გერმანიაში კი ოთარ ფარცხალაძე ბოტასების ქურდობაზე იყო დაკავებული. საზოგადოების აღშფოთება და საერთაშორისო ინსტიტუტების ზეწოლა იმდენად დიდი იყო, ივანიშვილი იძულებული გახდა, ოთარ ფარცხალაძე თანამდებობიდან გადაეყენებია, ხოლო ბერა ივანიშვილი ამერიკაში გაეშვა და საქართველოსთვის მოერიდებინა, რადგან სწორედ მის სახელთან იყო დაკავშირებული ბოლო პერიოდის საკადრო გადაწყვეტილებებიც კი.
ოთარ ფარცხალაძე წავიდა. 2013 წლის 30 დეკემბრის მერე მას ოფიციალურად არანაირი თანამდებობა აღარ ჰქონია, მაგრამ „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ის დღემდე აკონტროლებს როგორც მთავარ პროკურატურას, ისე _ სასამართლო სისტემას. სწორედ მისი მეშვეობით გადასცემს ხოლმე ბიძინა ივანიშვილი დავალებებს მოსამართლეებს და პროკურატურას. ექს მთავარი პროკურორი შვიდკაციანი დაცვით გადაადგილდება. როგორც ამბობენ, მას პანიკურად ეშინია პირადი ანგარიშსწორების არა მხოლოდ მტრებისგან, არამედ ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც, რადგან ივანიშვილის გეგმების შესახებ საკმაოზე მეტი იცის.

ელისო კილაძე

banner
წინა სტატიაშიუცნობმა დასავლეთ საფრანგეთის ციხეში მძევლები აიყვანა
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება აბიტურიენტებს ხვალიდან შეეძლებათ