25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ელისო კილაძე საპროცესო შეთანხმებას არ განიხილავს – ადვოკატი

ე.წ. ქოლ-ცენტრების მასშტაბურ საქმეზე დაკავებულ ჟურნალისტ ელისო კილაძეს სასამართლო ისევ დახურულ კარს მიღმა ასამართლებს. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა შესავალი სიტყვა თქვეს, თუმცა ბრალდების მხარე პროცესის გახსნას კატეგორიულად არ თანხმდება. „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ საქმეში არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ დევს, ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს, საპროცესო შეთანხმებას არ განიხილავს და მამუკა მდინარაძის პირადი შურისძიების მსხვერპლია.

“20 თებერვლიდან მას ყოველ 2 თვეში ეკრძალება პაემანი და მიმოწერა. გუშინ მივიღეთ პროკურორის მესამე დადგენილება, სადაც მას ვადა კიდევ 2 თვით გაუგრძელდა. დასაბუთება არის ის, რომ როგორც ცნობადმა სახემ, შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე“,_ აცხადებს ადვოკატი.

ბრალდების მხარეს დასაკითხ პირთა სიაში 99 მოწმე ჰყავს შეყვანილი. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ ვერცერთი მოწმე კილაძის ბრალეულობას ვერ დაადასტურებს.

„თუკი ბრალდების მხარეს აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რატომ არ სურთ, რომ გაიხსნას პროცესები?“ — აცხადებს ადვოკატი.

ე.წ. ქოლ-ცენტრების მასშტაბურ საქმეზე, საერთო ჯამში, 10 პირია ბრალდებული, თუმცა ელისო კილაძის საქმის წარმოება გამოძიებამ ცალკე გამოყო.

ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან კატეგორიულად უარყოფს ბრალს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. მისი შეფასებით, ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის პირადი შურისძიების სამიზნე გახდა, მისი კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობის გამო.

სახელმწიფო ბრალდება კი საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს უტყუარად დაამტკიცებენ.

banner
წინა სტატიაშიძლიერი სიცხის გამო საფრანგეთში ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკი დაიკეტა – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატია“ისევ უსაფუძვლო ბრალდებები იქნება”- ლევან მახაშვილი ევროსაბჭოში საქართველოზე დღევანდელ დებატებს ეხმაურება